საქსტატმა 2023 წლის აპრილის წლიური ინფლაციის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, გასული თვის განმავლობაში ქვეყანაში ფასების საერთო დონე წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.7%-ით გაიზარდა, ასეთი დაბალი ინფლაციის მაჩვენებელი ქვეყანაში ბოლოს 2021 წლის იანვარში იყო. დოკუმენტის თანახმად, წლიური ინფლაციის მთავარი მდგენელი სურსათის ფასების 5.9%-იანი ზრდა იყო, რამაც 2.7%-იან ინფლაციაში 2 პროცენტული პუნქტის წვლილი შეიტანა.
ყოველწლიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები თითქმის 6 %-ით გაიზარდა. ფასები ასევე მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული, რძე, ყველი და კვერცხი, პური და პურპროდუქტები. ხორცი და ხორცის პროდუქტები. მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები. თევზეული, ყავა, ჩაი და კაკაო. ასევე გაძვირებულია შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული.
ამასთან, აღსანიშნია, რომ ფასები შემცირებულია ხილზე, ზეთსა და ცხიმზე.