რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს 128 კულტურის, ჟურნალისტიკისა და სხვა სფეროების ცნობილმა მოღვაწეებმა ღია წერილით მიმართეს. წერილის ავტორები ოპოზიციური ლიდერის, ალექსეი ნავალნის გათავისუფლებას ითხოვენ.
ხელმომწერებს შორის არიან მსახიობები – ბენედიქტ კამბერბეტჩი, დომინიკ უესტი, დევიდ დუხოვნი, ვანესა რედგრეივი, ჯუდ ლოუ, ბილ ნაი, ნობელიანტი მწერლები მარიო ვარგას ლიოსა, სვეტლანა ალექსიევიჩი, ორჰან ფამუქი, ჰარი პოტერის ავტორი ჯოან როულინგი, მხევლის წიგნის ავტორი მარგარეტ ეტვუდი, ყოფილი ფეხბურთელი ერიკ კანტონა, ბიოლოგი რიჩარდ დოკინსი, ბენდ Radiohead-ის წევრი ტომ იორკი.
"გწერთ იმის შესახებ რაც ისედაც ძალიან კარგად იცით: ალექსეი ნავალნი თქვენი ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ კოლონიაში იხდის სასჯელს. ის კვლავ გამომწყვდეულია ძაღლის ჯიხურის მსგავს, კუბური მეტრის ზომის კარცერში, ვენტილაციის გარეშე. ეკრძალება ნათესავების მონახულება და სატელეფონო ზარები, არ აქვს კავშირი ადვოკატებთან. მაღალი ტემპერატურის მიუხედავად მას მთელი დღის გატარება ფეხზე დამდგარს უწევს.
ნავალნი იხდის სასჯელს იმ ბრალდებებზე, რომლებსაც არც ერთი დამოუკიდებელი სამართლიანი სასამართლო არ მიიღებდა. ჩვენ მხარს ვუჭერთ ნავალნის გათავისუფლებას, რომლისკენაც გერმანია, აშშ და ევროკავშირი მოგიწოდებთ. მისი გათავისუფლება თქვენს ხელშია".