Financial Times-ის ინფორმაციით, ესპანეთში ნალექის სიმცირემ ზეითუნის ზეთის ფასები რეკორდულ ნიშნულამდე გაზარდა. ანალიტიკოსების აზრით, განსაკუთრებით მშრალმა ზაფხულმა შეიძლება მოსავლიანობის კიდევ უფრო შემცირება გამოიწვიოს. ევროპაში ძლიერი გვალვის ფონზე, რომელმაც გასულ წელს ზეთისხილის კულტურები მთელ კონტინენტზე გაანადგურა, ზეითუნის ზეთის ფასები ივნისის შემდეგ თითქმის 60 პროცენტით გაიზარდა და დაახლოებით 5.4 ევროს მიაღწია კილოგრამზე.
ზეითუნის ზეთი საქართველოშიც დიდი მოთხოვნით სარგებლობს და საინტერესოა საიდან შემოდის პროდუქცია საქართველოში? საქსტატის მონაცემებს თუ გავეცნობით, 2023 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში დაახლოებით 342 ათასი დოლარის ზეითუნის ზეთი შემოვიდა. გასული მთელი წლის განმავლობაში კი ეს მაჩვენებელი 2.2 მლნ დოლარს შეადგენდა, რაც წინა წელთან შედარებით 55.7%-ით მეტია და ამასთანავე, ისტორიაში ყველაზე მაღალია.
სტატისტიკის თანახმად, ამ წლის იანვარ-მარტში საქართველოში ამ პროდუქტის მთავარი იმპორტიორი ესპანეთია, შემდეგ კი იტალია მოდის. სხვათა შორის, გასულ წელს, საქართველოში ზეითუნის ზეთის მთავარი იმპორტიორი იტალიაა იყო, შემდეგ პოზიციებს კი ესპანეთი, თურქეთი, საბერძნეთი და აზერბაიჯანი იკავებდნენ.