შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1968 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ზ.ბ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ, ამავე ბრალდებით, მიმდინარე წლის 23 აპრილს დაკავებულია 1977 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.ზ., ხოლო 1975 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი დ.თ. პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავა.
მათივე ცნობით, დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა დ.თ.-მ მიმდინარე წლის 22 აპრილს, თბილისში, მისსავე ნაქირავებ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა 1989 წელს დაბადებულ ზ.ე.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მკვლელობის ფაქტს შეესწრნენ ნ.ზ. და ზ.ბ., თუმცა პოლიციას მომხდარი დანაშაულის შესახებ არ შეატყობინეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.