გერმანიის ბუნდესთაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის დელეგაცია 2023 წლის 2-5 მაისს საქართველოს ეწვევა.
ინფორმაციას საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს.
დიპლომატიური უწყების ცნობით, დელეგაციაში იქნებიან კრისტიან პეტრი („სოციალ-დემოკრატიული პარტია“, დელეგაციის ხელმძღვანელი), რალფ ბრინკჰაუსი („რისტიან-დემოკრატიული კავშირი/ქრისტიან-სოციალური კავშირი“), მიხაელ ზახერი („კავშირი 90/ მწვანეები“), თომას ჰაკერი („თავისუფალ დემოკრატთა პარტია“) და ჰარალდ ვაიელი („ალტერნატივა გერმანიისთვის“).
როგორც გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძესთან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილთან, ასვე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, თეიმურაზ ჯანჯალიასთან.
„დელეგაცია შეხვდება ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ შალვა პაპუაშვილს და სხვადასხვა კომიტეტების თავმჯდომარეებს.
პროგრამაში არის ასევე შეხვედრები სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, ეკონომიკისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან.
იმის გათვალისწინებით, რომ საქართველომ 2022 წლის მარტში განაცხადი შეიტანა ევროკავშირში გაწევრიანებაზე და 2022 წლის ივნისში მიიღო ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა, შეხვედრების თემები იქნება აუცილებელი რეფორმების გატარება, ურთიერთობების გაფართოება და თანამშრომლობა ევროკავშირთან და გერმანიასთან.
რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე საუბარი შეეხება ასევე საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხთა შეთანხმებასა და რეგიონში ომით გამოწვეულ შედეგებს, ასევე გეოპოლიტიკურ საკითხებს“, - აღნიშნულია გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.