ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატი 7 მაისიდან 13 მაისის ჩათვლით კატარის დედაქალაქი დოჰა უმასპინძლებს, რომელზეც მონაწილეობას 5 კონტინენტის 99 ქვეყნის 670 სპორტსმენი მიიღებს. ღონისძიებაზე უნდა გამოსულიყვნენ უკრაინელი სპორტსმენებიც, მაგრამ, მას შემდეგ, რაც ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა რუსი და ბელარუსი ძიუდოისტები ტურნირზე ნეიტრალური დროშის ქვეშ დაუშვა უკრაინამ მსოფლიო ჩემპიონატს ბოიკოტი გამოუცხადა.
ამ თემაზე ვრცლად ისაუბრა უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვიტალი დუბროვამ, რომელის თქმითაც იმედი ჰქონდათ, რომ საღი აზრი მოიგებდა, მაგრამ რუსულმა რუბლებმა აჯობა. ამავე თემას გამოეხმაურა უკრაინის ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი მიხაილ კოშლიაკი: „ძიუდო გახდა პირველი სპორტი, სადაც მსოფლიო ფედერაციამ გადაწყვიტა ერთ მსოფლიო ჩემპიონატზე უკრაინელებისა და რუსების გამოყვანა, როგორც ამბობენ, "მშვიდობისთვის". ჩვენს ტერიტორიას თავს დაესხნენ რაკეტებით და ბომბებით, ხალხი იღუპება, ჩვენი ჯარისკაცები იღუპებიან მშვიდობის დასაცავად. არ შეიძლება ამ ომში ერთი მხარე რაღაცას სწირავდეს, მეორე კი განზე დადგეს და მხოლოდ მედლებსა და ოლიმპიადაზე ფიქრობდეს. იმისთვის, რომ ჩვენ ვივარჯიშოთ და ტურნირზე მივიღოთ მონაწილეობა, უკრაინელი ჯარისკაცები სიცოცხლეს სწირავენ. ჩვენ, სპორტსმენები უნდა გავერთიანდეთ სამშობლოსთვის“ - განაცხადა მიხაილ კოშლიაკმა.
ორ გზის მსოფლიო ჩემპიონი ახალგაზრდა ქალი ძიუდოისტი დარია ბილოდიდი, რომელმაც სოციალურ ქსელში ვცრელი განცხადება გამოაქვეყნა: "ცოტა ხნის წინ, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რეკომენდაციებით მიმართა საერთაშორისო სპორტულ ფედერაციებს, სადაც გარკვევით ეწერა, რომელ სპორტსმენებს არ უნდა მიეღოთ მონაწილეობა ტურნირებზე. ესენი არიან სპორტსმენები, რომლებსაც კონტრაქტი აქვთ რუსეთის ან ბელარუსის შეიარაღებულ ძალებთან და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, მაგრამ ყველა, ვინც მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას, სამხედრო პერსონალია. ეს ნონსენსია. ვფიქრობ, მიუღებელია, საერთაშორისო ტურნირებზე ისეთი სამხედრო პერსონალის დაშვება, რომელთა ტერორისტული ქვეყანაც უკრაინელებს ყოველდღე კლავს", - წერს სოციალურ ქსელში დარია ბილოდიდი.