უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პოლონეთის საელჩოს და ევროკავშირის წარმომადგენლობას უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვების გამო საპროტესტო ნოტა გაუგზავნა, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა.
უკრაინელმა დიპლომატებმა განაცხადეს, რომ „სიტუაცია კატეგორიულად მიუღებელია“ და აღნიშნეს, რომ დაწესებული შეზღუდვები არ შეესაბამება უკრაინასა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებას და ევროკავშირის ერთიანი ბაზრის პრინციპებს.
„არსებობს ყველა სამართლებრივი საფუძველი უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის დაუყოვნებლივ აღდგენისთვის პოლონეთში, რუმინეთში, უნგრეთში, სლოვაკეთსა და ბულგარეთში, ასევე შეუფერხებელი ექსპორტის გაგრძელებისთვის ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებში და ზოგადად, უკრაინული პროდუქტების ტრანზიტის შეუფერხებლად განხორციელებისთვის სხვა ქვეყნებში, როგორც ევროკავშირის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ”, - აღნიშნულია უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაში.
უკრაინა მოუწოდებს ევროპელ პარტნიორებს საკითხი ისე გადაიჭრას, რომ შეესაბამებოდეს ევროკავშირის კანონმდებლობას, უკრაინასთან ასოცირების შეთანხმებას და ზოგადად, სოლიდარობის სულისკვეთებას.
შეგახსენებთ, პოლონეთმა, სლოვაკეთმა, უნგრეთმა, ბულგარეთმა და რუმინეთმა, ადგილობრივი ფერმერების უკმაყოფილების გამო, უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქციის თავიანთ ბაზრებზე იმპორტი აკრძალეს.