ჩემი შვილი ძალადობრივი სიკვდილით არის მოკლული, - ასე გამოეხმაურა დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას, ანა იანუშაიტიტეს დედა, ნატო ხუტაშვილი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პირველად დასკვნას.
როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში გოგონას დედა აცხადებს, ის თავიდანვე დარწმუნებული იყო, რომ მისი შვილი მოკლული იყო. ხუტაშვილის თქმითვე, ის ბრძოლას აგრძელებს.
„ჩემთვის ეს დასკვნა მოულოდნელი არ ყოფილა, მე თავიდანვე, მყარად ვამბობდი, რომ ჩემი შვილი ძალადობრივად არის მოკლული.
ბრძოლას გავაგრძელებ ბოლო წუთამდე, ბრძოლა ისეთი მექნება, როგორიც ჯერ არავის უჩვენებია, ისეთ ბრძოლას გავაჩაღებ“,- განაცხადა ხუტაშვილმა.
ცნობისთვის, დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას საქმეზე, ბავშვის დედას და „უფლებები საქართველოს“ ადვოკატებს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი დასკვნის ასლი დღეს, 28 აპრილს გადაეცათ.
აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გოგონას სხეულზე 40-მდე დაზიანება აღენიშნება. ასევე, სიკვდილის მიზეზი მექანიკური ასფიქსიაა.
დიდ დიღომში 12 წლის მოზარდი გარდაცვლილი მიმდინარე წლის 16 მარტს იპოვეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.