გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ქვემო სვანეთში, სოფელ ცანაში არსებულ ეკოლოგიურ ვითარებას ადგილზე გაეცნო.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ ცანაში, ისევე როგორც სოფელ ურავში, დარიშხანის შემცველობის ნარჩენების განთავსების კერები არსებობს, რომელიც 1993 წელს, ამ ტერიტორიაზე არსებული სამთო-ქიმიური ქარხნების დახურვის შემდეგ წარმოიქმნა. უწყების ცნობითვე, დარიშხანის საბადოები დაკონსერვებულია, დარიშხანის წარმოება კი, შეწყვეტილი.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობითვე, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო განისაზღვრა ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ცანას ტერიტორიაზე დარიშხან შემცველი მადნის გადამუშავებით წარმოქმნილი ნარჩენების განთავსების ადგილების სისტემურ მართვასა და მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელ უწყებად, რათა აქტიური ნაბიჯები გადაიდგას პრობლემის მოსაგვარებლად. იგეგმება დაბინძურებული ტერიტორიების კაპიტალური შემოღობვა და მომავალი წლიდან დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის შედეგად სრულად გადაიჭრება აღნიშნული პრობლემა.
უწყების ინფორმაციით, მინისტრთან ერთად სოფელ ცანაში რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოსა (DTRA) და სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
მხარის სახელმწიფო რწმუნებულის, პაპუნა მარგველიძის განცხადებით სახელმწიფომ დაიწყო პროექტზე მუშაობა, რომელიც რეგიონში 30 წლიან პრობლემას მოაგვარებს. პროექტის განხორციელების შედეგად, ნარჩენების სრული უტილიზაცია და კონსერვაცია მოხდება.