აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების დედებმა მორიგი საპროტესტო აქცია- მსვლელობა გამართეს. მათი მოთხოვნები უცვლელია. პაციენტების მშობლები საკუთარი შვილებისთვის პრეპარატ ვოსორიტიდის ქვეყანაში შემოტანას და მკურნალობის დაფინანსებას ითხოვენ. ამ მოთხოვნით ისინი რამდენიმე თვეა ჯანდაცვის სამინისტროსა და მთავრობის კანცელარიასთან პერმანენტულ აქციებს მართავენ. მშობლები რამდენჯერმე ჯანდაცვის მინისტრსა და სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდნენ. საკითხზე კომენტარი გააკეთა საქართველოს პრემიერმაც. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ სახელმწიფოს წამლის დაფინანსების პრობლემა არ აქვს, თუმცა, პრეპარატის გვერდითი ეფექტების გამოკვლევისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დასკვნის გამოქვეყნებამდე მისი მიცემა პაციენტებისთვის შესაძლოა სარისკო აღმოჩნდეს. აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების დედებს შეხვდა საქართველოს პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილმა მათ დახმარება და მთავრობასთან შუამდგომლობას დჰპირდა. პრეზიდენტმა ასევე გამოთქვა მზაობა საკითხზე მსჯელობისთვის, საერთაშორისო დონის ექსპერტებიც მოიწვიოს.