ევროკომისია უკრაინიდან მზესუმზირის ზეთის იმპორტის აკრძალვას დათანხმდა, თუმცა ამ პროდუქტის ტრანზიტი დაშვებული იქნება - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, რობერტ ტელუსმა განაცხადა.
ინფორმაცია მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც, რადგან მზესუმზირის ზეთის იმპორტიორტზე ვართ დამოკიდებული. 2023 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში 8.5 მლნ დოლარის პროდუქცია შემოვიდა, რაც თითქმის გაორმაგებული მაჩვენებელია წინა წლის ანალოგიური პერიოდის 3.8 მლნ დოლართან შედარებით. თუმცა წელს, იანვარ-მარტში ქვეყანაში მთავარი იმპორტიორი არა უკრაინა, არამედ რუსეთია, საიდანაც ქვეყანაში 7 მილიონ 800 ათასი დოლარის მზესუმზირის ზეთი შემოვიდა. მართალია, მეორე ადგილზე უკრაინაა, თუმცა მისი წილი მნიშვნელოვნად დაბალია და 400 ათას დოლარს მცირედით თუ აჭარბებს. ეს კი მთლიანი იმპორტის 5%-ს არ აღემატება. იმპორტირებული ზეთის 92%-მდე რუსეთიდან შემოდის, დანარჩენი კი სხვადასხვა ქვეყნებზე ნაწილდება.
თუ გასულ წელს გადავავლებთ თვალს, 2022-ში საქართველოში სულ დაახლოებით 48 მლნ დოლარის მზესუმზირის ზეთი შემოვიდა იმპორტით. მთავარი იმპორტიორი მაშინაც რუსეთი იყო, საიდანაც 41 მლნ დოლარის ზეთი შემოვიტანეთ. რუსეთის შემდეგ კი ზეთის მთავარი იმპორტიოები საქართველოში აზერბაიჯანი და უკრაინა იყო. ინფორმაციისთვის, საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, უკრაინა საქართველოში მზესუმზირის ზეთის უმსხვილესი იმპორტიორი 2009-2014 წლებში იყო და მისი წილი მნიშვნელოვნად აღემატებოდა რუსეთის მაჩვენებელს, თუმცა 2015 წლიდან მოყოლებული იმპორტიორთა სიაში პირველ ადგილს რუსეთი იკავებს.