რუსეთში ქართული სპირტიანი სასმელების ექსპორტი თითქმის 134%-ით გაიზარდა. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, თუ 2022 წლის პირველ კვარტალში ჩრდილოეთში საქართველომ დაახლოებით 5 მილიონი დოლარის სასმელი გაიტანა, წელს 3 თვეში ამ მაჩვენებელმა 11 მლნ დოლარს გადააჭარბა. ხაზგასასმელია, რომ ამ მოცულობის სპირტიანი სასმელი რუსეთში ამ დრომდე ფაქტობრივად, არ გასულა.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველომ უცხოეთში ჯამში 20 მილიონ 736 ათასი დოლარის სპირტიანი სასმელი გაყიდა. შესაბამისად, გამოდის, რომ სპირტიანი სასმელების მთლიან ექსპორტში, რუსეთის წილი 55% იყო. რაც შეეხება 2022 წლის სრულ მაჩვენებელს, შარშან ქვეყნიდან დაახლოებით 100 მლნ დოლარის ღირებულების სპირტიანი სასმელი გავიდა, აქედან რუსეთში - 56 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების, ანუ მთლიანი ექსპორტის 56%.