გასულ წელს საქართველოდან ემიგრაციაში 25%-ით მეტი ადამიანი წავიდა. 2022 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 125 269 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 25.3 პროცენტით მეტია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 142.9 პროცენტით გაიზარდა და 179 778 კაცი შეადგინა. ამის შესახებ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
უწყების ცნობით, ამავე პერიოდში, იმიგრანტების 84.3 პროცენტი და ემიგრანტების 86.7 პროცენტი, შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას წარმოადგენდა. ამასთან, „საქსტატის“ ცნობით, 2022 წელს, იმიგრანტების 30.3 პროცენტი, ხოლო ემიგრანტების 80.5 პროცენტი საქართველოს მოქალაქეები იყვნენ.
ოფიციალური მონაცემებით, 2023 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 მილიონ 736 ათას 400 კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.3 პროცენტით მეტია.
აღსანიშნავია, რომ 2022 წელს დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება (-6 799) და დადებითი მიგრაციული სალდო (54 509), შესაბამისად მოსახლეობის რიცხოვნობაც სწორედ ამის ხარჯზე გაიზარდა