თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია, კომიტეტის და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევსა და ქარძმანში, საოკუპაციო ხაზზე იმყოფებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, პარლამენტის წევრები საოკუპაციო ხაზზე უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ.
„საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა ოკუპაციის შედეგად მოწყობილი უკანონო ინფრასტრუქტურა დავათვალიერეთ, რომელიც რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ არის აღმართული. რუსული ოკუპაცია ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე დიდი საფრთხეა და დიდი გამოწვევაა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისთვის. დღეს სწორედ საოკუპაციო ხაზზე გადის ევროპული უსაფრთხოების წინა ხაზი. დეოკუპაციისთვის აუცილებელია საერთაშორისო საზოგადოებამ გაზარდოს ზეწოლა აგრესორ სახელმწიფოზე და აიძულოს ის, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და დაიცვას საერთაშორისო სამართალი. ოკუპაციის დასრულების ერთადერთი სწორი გზა არის მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნება, სამშვიდობო პოლიტიკის გაგრძელება მისი ყველა შემადგენელი კომპონენტით, საქართველოს უწყვეტი განვითარება და ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაცია. რუსული ოკუპაცია და ეს ხელოვნური ბარიერები დროებითია და აუცილებლად დასრულდება.
აქვე ცალკე უნდა აღინიშნოს ის ფასდაუდებელი შრომა, რომელსაც უსაფრთხოების სამსახური და შინაგან საქმეთა სამინისტრო საოკუპაციო ხაზზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის ეწევა“, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ.
საოკუპაციო ხაზზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ალექსანდრე ტაბატაძე, ლევან ქარუმიძე, გრეტა წიწავა, თენგიზ შარმანაშვილი და გიორგი კახიანი იმყოფებოდნენ.