ინტერმა ჯუზეპე მეაცაზე ფედერიკო დიმარკოს გოლით დერბი დ'იტალია მოიგო და იტალიის თასის ფინალში გავიდა. მილანელთა მეტოქე ფიორენტინასა და ლუკა ლოჩოშვილის კრემონეზეს დაპირისპირებაში დღეს გაირკვევა.
მე-15 წუთზე ბარელამ საჯარიმოში დიმარკო მოძებნა და ფედერიკომაც კარგი ცენტრფორვარდივით აუღელვებლად გახსნა ანგარიში ახლო მანძილიდან. ინტერის უპირატესობა მთელი მატჩის განმავლობაში საგრძნობი იყო, თუმცა მეტი გოლი აღარ გასულა - შეხვედრა ანგარიშით 1:0 დასრულდა, ორი მატჩის ჯამში კი „ინტერმა“ ანგარიშით 2:1 გაიმარჯვა. მილანელები „იუვეს“ ამ ეტაპზე მეხუთედ შეხვდნენ და ისტორიაში პირველად შეძლეს ბარიერის გადალახვა და ფინალში გასვლა.