რაგბი ევროპის სუპერ თასის ორგზის მფლობელმა ატლანტის ოკეანის გაღმა, სამხრეთ ნახევარსფეროში უკვე სამი თამაში გამართა. ურუგვაიში, მონტევიდეოში, სადაც ჩვენი გუნდი ბაზირებს, მან არგენტინულ ‘დოგოს XV’-ს 75:19, ხოლო ჩილეს ‘სელკნამს’ 33:30 მოუგო, გასულ კვირაში კი არგენტინაში, ბუენოს აირესში მასპინძელ ‘პამპასს’ ეთამაშა და შეხვედრა 21:24 დათმო.
„სამხრეთში სტანდარტული თამაშებისთვის არ ჩამოვსულვართ. ეს არის წვრთნის ნაწილი და თუკი სადმე შეიძლება ექსპერიმენტები, სწორედ ასეთი შეხვედრებია. ჩვენი ინტერესია მოთამაშეების საქმეში ხილვა, კონკრეტული სათამაშო სტილისა და ტაქტიკის დამუშავება. სწორედ ამიტომ არ ვარტყამთ ჯარიმებს კარში და ვცდილობთ რაც შეიძლება მეტი ვითამაშოთ“ – ამბობს ‘შავი ლომისა’ და ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი.
ტრავმების ფონზე ‘შავი ლომის’ სამხრეთ ამერიკული ტურნე სამი მორაგბისთვის დასრულდა – სანდრო თოდუა, გრიგორ ქერდიყოშვილი და ნიკო აფციაური. ასეთ სიტუაციაში სამწვრთნელო შტაბმა ‘ხვამლის’ კაპიტანს, საბა კურტანიძეს უხმო:„მეორე და მესამე ხაზი დაგვიმოკლდა, რის გამოც ‘ხვამლიდან’ საბა კურტანიძე გამოვიძახეთ. ის თავისი ფიზიკურობით აშკარად გამორჩეულია დიდ 10-ში. გარდა ამისა, მას 20-წლამდელთა ნაკრებიდან კარგად იცნობს ჩვენი შერკინების მწვრთნელი ილია მაისურაძე“ - განაცხადა ლევან მაისაშვილმა