რუსული ძალები აქტიურ შეტევით ოპერაციებს სამი მიმართულებით: ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებით ახორციელებენ, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დილის ანგარიშშია აღნიშნული.
უწყების ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, ფრონტის ამ სექტორებში მტრის 39 შეტევა მოიგერიეს. გენშტაბში ასევე აცხადებენ, რომ ბახმუტისა და მარინკასათვის სასტიკი ბრძოლები გრძელდება.
„ბახმუტის მიმართულებით მტერი აგრძელებს შეტევითი ოპერაციების ჩატარებას. გრძელდება მძიმე ბრძოლები ქალაქ ბახმუტისთვის. გარდა ამისა, დღის განმავლობაში, მტერმა წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები განახორციელა ბოგდანოვკას, ხრომოვოსა და კლეშჩიევკას დასახლებების მიმართულებით“, - აცხადებენ გენშტაბში.
უწყების ცნობით, ავდიივკას მიმართულებით, მოწინააღმდეგემ შეტევითი ოპერაციები განახორციელა დონეცკის ოლქის სევერნოესა და პერვომაისკოეს დასახლებებთან, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია. ამასთან, რუსებმა კონტაქტის ხაზთან მდებარე რამდენიმე დასახლება დაბომბეს.
რაც შეეხება მარინკას მიმართულებას, გენშტაბის ცნობით, უკრაინელებმა გასული დღის განმავლობაში მარინკას დასახლების მიდამოში მოწინააღმდეგის მრავალი შეტევა მოიგერიეს.