ევროკავშირი რუსეთის გავლით გარკვეული საქონლის ტრანზიტის აკრძალვას აპირებს. ინფორმაციას Bloomberg ევროკავშირის შიდა დოკუმენტებსა და საკითხში გარკვეული ადამიანების ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. კერძოდ, პოლონეთი, ესტონეთი და ლატვია ევროკავშირს მოუწოდებენ, აკრძალოს რუსეთის გავლით საქონლისა და ტექნოლოგიების ტრანზიტი, რომელიც შესაძლოა, თავდაცვის, საავიაციო და კოსმოსურ ინდუსტრიებში იქნას გამოყენებული ან რუსეთს წარმოების სიმძლავრეების გაფართოებაში დაეხმაროს.
ამასთან, არსებობს ინიციატივა, რომ სანქციები დაუწესდეს იმ ტანკერებსა და გემებს, რომლებიც მათი მოძრაობის საზედამხედველო-სანავიგაციო სისტემებს თიშავენ. ამ ფონზე ნაკლები მოლოდინი არსებობს, რომ სანქციების ახალი პაკეტი „როსატომს“ შეეხოს, რადგან, Bloomberg-ის ცნობით, ევროკავშირის ბევრი ქვეყანა რუსეთის ბირთვული ინდუსტრიის დასანქცირების წინააღმდეგია.
სააგენტოს ერთ-ერთი წყარო აცხადებს, რომ პერსონალური სანქციები შესაძლოა, დამატებით კიდევ 30-მდე ფიზიკურ და რამდენიმე იურიდიულ პირს დაუწესდეს. რიგი ტექნოლოგიების მიწოდებაში რუსეთმა ევროკავშირის აკრძალვებისთვის გვერდის ავლა შეძლო. კერძოდ, Bloomberg-ის სავაჭრო მონაცემებით, ევროკავშირში და სხვა მოკავშირე ქვეყნებში წარმოებული თანამედროვე ჩიპები, ასევე, ინტეგრირებული სქემები რუსეთს მესამე ქვეყნების, მათ შორის თურქეთის, არაბეთის გაერთიანებული საამიროებისა და ყაზახეთის გავლით მიეწოდება.
ამდენად, სანქციების მე-11 პაკეტში ევროკავშირი აპირებს, სწორედ ამ ხარვეზების აღმოფხვრაზე მოახდინოს ფოკუსირება.