226 359 მსესხებელი საქართველოში კრედიტს ვერ იხდის და ე.წ. „შავ სიაშია“. კრედიტინფოს მონაცემებით, საქართველოში მსესხებლების 11,7%-ს ვადაგადაცილება უფიქსირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ფინანსურ ვალდებულებებს ვერ უმკლავდებიან. მიმდინარე წლის მარტის სტატისტიკით, 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება, 226 359 მსესხებელს უფიქსირდება, კონტრაქტების რაოდენობა კი 461 704 -ს შეადგენს. თებერვლის თვეს თუ შევადარებთ, ერთ თვეში ე.წ. „შავ სიას“ 59 ადამიანი შეემატა. საერთო ჯამში, მარტის მდგომარეობით საქართველოში საფინანსო სექტორის ვალი 1 929 780 ადამიანს აქვს, ჯამში 40 მილიარდ ლარზე მეტი.
აღსანიშნავია, რომ მსესხებლების 83.6% საბანკო სექტორზე მოდის, თუმცა ვადაგადაცილება ბანკის მსესხებლების მხოლოდ 8.3%-ს უფიქსირდება, რაც რაოდენობრივად 133 547 ადამიანია. შედარებისთვის გეტყვით, რომ ეროვნული ბანკის სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტების კრედიტორი 748 138 ადამიანია, გაცემული სესხების მოცულობა კი 3 მილიარდ ლარს აჭარბებს, ხოლო ვადაგადაცილება ამ საფინანსო ინსტიტუტების 125 204 მსესხებელს უფიქსირდება. ანუ მიკროსაფინანსოებსა და სესხის გამცემ სხვა სუბიექტებს თითქმის იმდენივე ვალაუვალი კლიენტი ჰყავთ, რამდენიც კომერციულ ბანკებს, მაშინ როცა მათ მიერ გაცემული სესხების მოცულობა 13-ჯერ ნაკლებია.