ივნისიდან, ტრანსპორტის გამონაბოლქვის შემადგენლობის კონტროლი დაიწყება. როგორც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში განმარტავენ, მიმდინარე წლის ივნისიდან გზებზე, ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ხილული გამონაბოლქვის კონტროლი და სწრაფი რეაგირება პირველ ეტაპზე საქართველოს 4 დიდ ქალაქში ( თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში) საპილოტე რეჟიმში მოხდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩამოთვლილ ქალაქებში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პატრულირების და სწრაფი რეაგირების თანამშრომლები, გზებზე ნებისმიერი ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალების გაჩერებას და მავნე ნივთიერებების გამონაბოლქვზე შემოწმებას შეძლებენ.
გამონაბოლქვის სპეციალური ხელსაწყოებით გაზომვის შემდეგ, თუ დადგინდება კონკრეტული მავნე ნივთიერებების გადაჭარბება, ფიზიკური პირის შემთხვევაში, თავდაპირველად სანქცია 100 ლარი იქნება, ხოლო 30 დღის განმავლობაში განმეორების შემთხვევაში ჯარიმა გასამმაგდება და 300 ლარი გახდება. პირველ ეტაპზე აქცენტი გაკეთდება ხილულ გამონაბოლქვზე, ნებისმიერი ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში. თუ კონკრეტულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას ადგილზე დაუდგინდება მავნე ნივთიერებების გადაჭარბება და ავტომობილის მესაკუთრე არ დაეთანხმება დასკვნას, მას უფლება აქვს ავტომობილის გადაყვანა მოითხოვოს უახლოეს ტექინსპექტირების ცენტრში.