ეროვნული ლიგის ფეისბუქ გვერდზე საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის პირველი წრის საუკეთესო ფეხბურთელი, მწვრთნელი და სიმბოლური გუნდის შემადგენლობა გამოქვეყნდა.
ეროვნული ლიგის პირველი წრის საუკეთესო მოთამაშედ დინამო ბათუმის შემტევი ფლამარიონ ჯოვინო დასახელდა. მან ჩემპიონატში 8 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასიც გააკეთა. საუკეთესო მწვრთნელის ჯილდო დინამო ბათუმის დამრიგებელმა, გია გეგუჩაძემ მიიღო. გეგუჩაძის გუნდმა ეროვნული ლიგის პირველ წრეში გამართული 9 შეხვედრიდან 6 მოიგო და 3 ფრედ ითამაშა - ბათუმელები ჩემპიონატის სატურნირო ცხრილის სათავეში არიან.
ეროვნული ლიგის პირველი წრის სიმბოლურ გუნდში ყველაზე მეტი, 4 ფეხბურთელი დინამო ბათუმიდან მოხვდა - ვლადიმერ მამუჩაშვილი, მამუკა კობახიძე, სანდრო ალთუნაშვილი და ფლამარიონ ჯოვინო; სამი ადგილი ხვდა წილად დინამო თბილისის მოთამაშეებს, რომელთაგანაც საუკეთესო 11-ეულში გაბრიელ სიგუა, ულად-ომარ იმრანი და უსმანე კამარა შეიყვანეს; პირველი წრის სიმბოლურ გუნდში 2 ფეხბურთელი ქუთაისის ტორპედოდან გახლავთ - როინ კვასხვაძე და პერდო მონტეირო. თითო-თითო მოთამაშე საუკეთესო 11-ეულში სამტრედიიდან და გორის დილიდანაც გახლავთ - ზვიად ნაჭყებია და ვანდერსონი.