საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის განცხადებით, სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის პირველი ეტაპი დასრულდა. კერძოდ, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც სუდანის დედაქალაქ ხარტუმში იმყოფებოდნენ, სუდან-ეგვიპტის საზღვარზე, ნეიტრალურ ზონაში არიან გადაყვანილები.
მინისტრის მოადგილის თქმით, მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
მისივე განცხადებით, უახლოეს პერიოდში მათი ეგვიპტეში გადაყვანა და საქართველოში გამომგზავრება მოხდება.
„შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი საელჩოების, ჩვენი პარტნიორების, კომპანიების ჩართულობით ეს ევაკუაცია წარმატებულად განხორციელდა და ამ მომენტისთვის, სუდანში საქართველოს არც ერთი მოქალაქე არ იმყოფება. ყველა არის უსაფრთხოდ გამოყვანილი ამ ქვეყნიდან,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.