48 საათის განმავლობაში ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ, სუდანის შეიარაღებული ძალები და „სწრაფი მხარდაჭერის ძალები” ცეცხლის 72 საათით შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 25 აპრილიდან შევიდა ძალაში.
„აშშ მოუწოდებს სუდანის არმიას და „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“, დაუყოვნებლივ და სრულად დაიცვან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი”, - აღნიშნულია ბლინკენის განცხადებაში.
მისი თქმით, აშშ რეგიონულ და საერთაშორისო პარტნიორებთან, ასევე სუდანის სამოქალაქო მხარეებთან კოორდინირებით ხელს შეუწყობს კომიტეტის შექმნას, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს სუდანში მოლაპარაკებებს, საბრძოლო მოქმედებების მუდმივ დასრულებას და ჰუმანიტარულ დახმარებას.
„გავაგრძელებთ მუშაობას სუდანში მხარეებთან და ჩვენს პარტნიორებთან ერთობლივი მიზნის - სუდანში სამოქალაქო მთავრობის დაბრუნების - მისაღწევად“, - აღნიშნულია ენტონი ბლინკენის განცხადებაში.
სუდანში მდგომარეობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც არმიასა და "სწრაფი მხარდაჭერის ძალებს" შორის 15 აპრილს შეტაკებები დაიწყო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით, დაპირისპირების შედეგად 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 3 500 დაშავდა.