ევროკავშირის საბჭომ მოლდოვაში ევროკავშირის პარტნიორობის სამოქალაქო მისია (EUPM) შექმნა, რომელიც გააძლიერებს მოლდოვის კრიზისების მართვის სტრუქტურებს და გააძლიერებს მის მდგრადობას ჰიბრიდული საფრთხეების მიმართ, - ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზშია აღნიშნული.
საბჭოს ცნობით, მისია გასცემს რჩევებს სტრატეგიულ დონეზე სტრატეგიებისა და პოლიტიკის შემუშავების შესახებ და განსაზღვრავს შესაძლებლობების განვითარების საჭიროებებს ადრეული გაფრთხილების, გამოვლენის, იდენტიფიკაციის, საფრთხეების მიკუთვნებისა და ჰიბრიდულ საფრთხეებზე რეაგირებისთვის.
„მოლდოვის მოთხოვნის საპასუხოდ, EUPM მოლდოვის თავდაპირველი მანდატი ორწლიანი იქნება და მისი ოპერატიული შტაბი მოლდოვაში განთავსდება. ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის სამოქალაქო დაგეგმარების მმართველი დირექტორი, სტეფანო ტომატი სამოქალაქო ოპერაციების მეთაური იქნება. უახლოეს მომავალში დაინიშნება მისიის ხელმძღვანელი, რომელიც ადგილზე ოპერაციებს უხელმძღვანელებს“, - აღნიშნულია პრესრელიზში.
ამასთან, საბჭოს ინფორმაციით, მოლდოვასთან დაკავშირებით, საბჭომ მიაღწია ფართო შეთანხმებას სანქციების ახალ ჩარჩოზე იმ პირების წინააღმდეგ, ვინც ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციას ახდენს. საბჭო ასევე შეთანხმდა, ევროპული სამშვიდობო ფონდიდან დამატებითი 40 მილიონი ევროს გამოყოფაზე მოლდოვის თავდაცვის შესაძლებლობების მხარდასაჭერად.