აზიის განვითარების ბანკმა საკუთარი რესურსებიდან გასულ წელს ჯამში, 20 მილიარდ 500 მლნ დოლარი გამოჰყო აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის დასახმარებლად, რომელიც ახალი ეკონომიკური წინაღობებისა და კრიზისების ფონზე განაგრძობდა პანდემიის უარყოფით შედეგებთან გამკლავებას. ინფორმაცია ამის შესახებ ბანკმა, დღეს გამოაქვეყნა.
ფინანსური რესურსი მოიცავს სესხებს, გრანტებს, სააქციო კაპიტალში ინვესტირებასა და ტექნიკურ დახმარებებს, რომლებიც მთავრობებსა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს გაეწია. ხოლო დამატებით 11 მილიარდზე მეტი აზიის განვითარების ბანკმა თანადაფინანსების სახით მოიზიდა.
,,ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი“, - ნათქვამია ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.