ესპანეთის ლა ლიგის 30-ე ტურში გიორგი მამრდაშვილის ვალენსია ელჩეს ესტუმრა და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა. ღამურები მიმდინარე სეზონში არასტაბილურად გამოიყურებიან და მათთვის თითოეული შეხვედრის მოგება მნიშვნელოვანია.
ვალენსიამ უპირატესობა მატჩის სტარტზევე მოიპოვა, ბარახას გუნდი ბურთს ფლობდა და მეტოქის საჯარიმოსთან პოზიციებს იმაგრებდა, საბოლოოდ ანგარიში მე-19 წუთზე გაიხნა, შეტევაში მნიშვნელოვანი მონწილოება ქართველმა მეკარემ მიიღო, მამარდაშვილმა შორეული ზუსტი გადაცემა გაუკეთა ედისონ კავანის, რომელმაც კარგად ითამაშა და სამუელ ლინო მეკარესთან პირისპირ გავიდა, ბრაზილიელ ფეხბურთელს კი გოლის გატანა აღარ გასჭირვებია. პირველი ტაიმის მიწურულს სტუმრებმა უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდეს, ელჩეს ფეხბურთელმა გონსალო ვერდუმ ავტოგოლი გაიტანა. მასპინძლებმა მამარდაშვილის კარის მიმართულებით პირველად ზუსტად 62-ე წუთზე დაარტყეს, რომლის ხელში დაჭერაც ახალგაზრდა მეკარეს არ გასჭირვებია.
ვალენსიას ამ გამარჯვების შემდეგ 30 ქულა დაუგროვდა და ალმერიას გაუთანაბრთა, თუმცა მაინც გასავარდნ ზონაში რჩება, მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში კარი მშრალად მეექვსედ შეინახა. ღამურები შემდეგ შეხვედრას 27 აპრილს ვალიადოლიდთან გამართავენ.