"დიდმა შვიდეულმა" მარცვლეულის შეთანხმების "გაგრძელება, სრული განხორციელება და გაფართოება" მოითხოვა.
როგორც მედია წერს, G7 სოფლის მეურნეობის მინისტრებმა იაპონიაში, ორდღიანი შეხვედრის შემდეგ "აღიარეს შეთანხმების მნიშვნელობა" .
„ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის გაფართოებას, სრულ განხორციელებას და გაგრძელებას“, - ნათქვამია მათ განცხადებაში.
რუსეთი იმუქრება შეთანხმებიდან გასვლით, თუ მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა Telegram-ზე განაცხადა, რომ თუ G7 გადაწყვეტს რუსეთში ექსპორტის აკრძალვას, მოსკოვი შეწყვეტს მარცვლეულის შეთანხმებას.
გავრცელებული ინფორმაციით, G7 ქვეყნები განიხილავენ რუსეთში ექსპორტის თითქმის სრულ აკრძალვას.
როგორც მედია წერს, გაერო-სა და თურქეთის შუამავლობით გაფორმებული პაქტის მიხედვით, გასული წლის ივლისიდან დაახლოებით 28 მილიონი ტონა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი განხორციელდა, მათ შორის ღარიბ ქვეყნებში, რომლებიც გლობალური სასურსათო კრიზისის წინაშე დგანან.