აქონდროპლაზიის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები და მოქალაქეები მთავრობის ადმინისტრაციის შენობიდან თავისუფლების მოედნამდე საპროტესტო მარშს მართავენ.
საპროტესტო მსვლელობას მოქალაქეებთან ერთად ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები, სხვადასხვა დაავადებების მქონე ბავშვების მშობლები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები შეუერთდნენ.
მშობლები მთავრობას სთხოვენ, ქვეყანაში აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვებისთვის საჭირო მედიკამენტის შემოტანას და დაფინანსებას, რომელიც ბავშვების ჯანმრთელობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ასევე, ისინი პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვენ.
“ოთხი ღამეა, 24 საათი ქუჩაში დედები ღამეს ვათევთ. ვეხვეწებით, ვემუდარებით და ვტირით, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეგვხვდეს. ამ ბავშვებს სიცოცხლესთან შეუთავსებელი პრობლემები აქვთ, ამიტომ ჩვენ შვილებს ჩვენი დახმარება სჭირდებათ. იმედი მაქვს, პრემიერ-მინისტრი მთელ საქართველოს ანახებს, რომ ქართველი ბავშვები მართლა უყვარს და მათ არ გაწირავს”,- აცხადებს აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ერთ-ერთი ბავშვის მშობელი, ქეთევან ბეგიაშვილი.
პარტია “ლელოს” წევრის, ვატო სურგულაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა აქონდროპლაზიით დაავადებულ ბავშვებს ებრძვის.
“ყველაზე საწყენი არის ის, რომ ეს მოგვარებადი და გაკეთებადი საკითხია. ეს არაფერ დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს. ამ შემთხვევაში პრობლემა არის დრო, რაც უფრო გვიან დავიწყებთ მუშაობას, შეიძლება ზოგიერთი ბავშვისთვის შედეგი არ მოიტანოს. ჩვენი მთავრობა ბავშვებს ებრძვის, მშობლებს კი არა. წამლის შემოტანა ორ თვეში შეიძლება”, - განაცხადა ვატო სურგულაძემ.