უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, სავარაუდოდ, ხერსონის ოლქის მარცხენა (აღმოსავლეთ) სანაპიროზე შესვლა მოახერხეს, - „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ ანალიტიკოსების შეფასებით ამას რუსი სამხედრო კორესპონდენტებისა და ბლოგერების მიერ 22 აპრილს გამოქვეყნებული გეოლოკაციური კადრები აჩვენებს.
ფოტოების მიხედვით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაიკავეს პოზიციები ოლეშკის ჩრდილოეთით დნეპრის ნაპირებზე (ქალაქ ხერსონიდან დაახლოებით 7 კმ სამხრეთ-დასავლეთით) და დასახლებული პუნქტის ჩრდილოეთის გარეუბანში, ასევე სოფელ დაჩის დასავლეთით (ხერსონიდან სამხრეთით 10 კმ) წინსვლა შეძლეს.
„კიდევ ერთი სამხედრო საბრძოლო მოქმედებების რუკის თანახმად, რუსული ძალები, 22 აპრილის მდგომარეობით, არ აკონტროლებენ ზოგიერთ კუნძულს მდინარე დნიპროს დელტაში, ხერსონის სამხრეთ-დასავლეთით, რაც მიუთითებს უკრაინელების შესაძლო წინსვლაზე ამ კუნძულებზე“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.
ანალიტიკოსების შეფასებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქის აღმოსავლეთ სანაპიროზე უპირატესობის მოპოვება, შესაძლოა, რუსული ჯარების საარტილერიო ცეცხლის დაბალი ინტენსივობის გამო შეძლეს. მანამდე ზოგიერთი რუსი „სამხედრო კორესპონდენტი“ აცხადებდა, რომ საარტილერიო ცეცხლის დაბალი ინტენსივობა რუსული სამხედრო სარდლობის გადაჭარბებული ცენტრალიზაციით იყო გამოწვეული.
ამავდროულად, „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ რუსული ძალები, შესაძლოა, პრიორიტეტს ანიჭებენ თავდაცვის შენარჩუნებას ისეთ ქალაქებში, როგორიცაა ოლეშკი და ნოვა კახოვკა.