გამოცემა „ბლუმბერგის“ ინფორმაციით, სამხრეთ აფრიკის მმართველმა პარტიამ, „აფრიკულმა ეროვნულმა კონგრესმა“ დაიწყო შიდა დებატები რომის სტატუტიდან ქვეყნის შესაძლო გასვლის საკითხზე, რათა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინის ვიზიტის შემთხვევაში მისი დაკავების ვალდებულების წინაშე არ აღმოჩნდეს.
4-დღიანი კონსულტაციების დროს სამხრეთ აფრიკის მმართველი პარტია იმსჯელებს ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემულ დაკავების ორდერზე და რომის სტატუტზე, რომლის გამოც ქვეყანა ფორმალურად ვალდებული იქნება, პუტინი დააპატიმროს, თუ კრემლის ლიდერი სამხრეთ აფრიკაში დაგეგმილ სამიტზე ჩავა.
17 მარტს, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ვლადიმირ პუტინს უკრაინაში ჩადენილ სამხედრო დანაშაულებზე პასუხისმგებლობას აკისრებს.