„რამშტაინის“ ფორმატში მორიგი შეხვედრა იმართება, რომელზეც უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის გაძლიერებისა და უკრაინელების საბრძოლო თვითმფრინავებით უზრუნველყოფის აუცილებლობის საკითხები განიხილება. კანადის თავდაცვის მინისტრმა, ანიტა ანანდმა გერმანიაში, „რამშტაინის“ ბაზაზე განაცხადა, რომ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ, 39 მილიონი კანადური დოლარის ღირებულების პაკეტს გადასცემს. სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი 40 სნაიპერულ შაშხანას, 16 რადიო კომპლექტს, საბრძოლო მასალასა და შემოწირულებას მოიცავს. დაახლოებით 34 მილიონი კანადური დოლარი კი ნატო-ს ფონდისთვის გამოიყოფა, რათა კიევს რუსეთის წინააღმდეგ ომში დახმარება გაეწიოს. რამშტაინის ფორმატში შეხვედრის დაწყებამდე უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამერიკელ კოლეგას, ლოიდ ოსტინს შეხვდა. ამერიკის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, გასული წლის განმავლობაში თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის წევრებმა უკრაინას უზარმაზარი შესაძლებლობები მისცეს. მისივე თქმით, აშშ უკრაინას მხარს იმდენ ხანს დაუჭერს, რამდენიც საჭირო იქნება.