საქართველოს პროკურატურა ე.წ. თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ საქმეებზე მიმდინარე გამოძიების თაობაზე განცხადებას ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველოს პროკურატურამ 2021 წლის ოქტომბერში, გერმანული მხარის ჩართულობითა და ევროჯასთის მხარდაჭერით დაგეგმილი ერთ-ერთი პირველი ფართომასშტაბიანი ღონისძიება ჩაატარა, რის შედეგადაც სისხლისსამართლებრივი დევნა 11 პირის მიმართ დაიწყო და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 7 წევრი დააკავა. ღონისძიებების ფარგლებში რამდენიმე მოქმედი ქოლ-ცენტრის, ათეულობით ფიზიკური პირის, მათი საცხოვრებელი ბინების, ავტომანქანების და სამუშაო ადგილების ჩხრეკა განხორციელდა. ამოღებული იქნა ასეულობით ინფორმაციის ელექტრონული მატარებელი, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა. ამავდროულად ყადაღა დაედო სავარაუდოდ დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ათეულობით მილიონი ლარის ღირებულების ქონებებს და საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ დიდი ოდენობით თანხებს. ჩატარებული ფართომასშტაბიანი ღონისძიებების შედეგად დაკავებულია დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფის ხელმძღვანელები და ათეულობით წევრი, სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია დანაშაულში მონაწილე იურიდიული პირების მიმართ.