ევროპალიგასა და კონფერენსლიგაზე მეოთხედფინალის საპასუხო მატჩები გაიმართა და ყველა ნახევარფინალისტის ვინაობა გაირკვა.
„მანჩესტერ იუნაიტედი“ ევროპა ლიგას დაემშვიდობა. „წითელმა ეშმაკებმა“ „სევილიას“ ბარიერი ვერ დაძლიეს და ანდალუსიელებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ევროპა ლიგა მათთვის განსაკუთრებული ტურნირია.
ამ გუნდების პირველი მატჩი ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა, განმეორებითი შეხვედრა კი „სევილიამ“ საკუთარ კედლებში 3:0 მოიგო. მასპინძლებმა ანგარიში მე-8 წუთზე გახსნეს. ჰარი მაგუაიერის შეცდომით იუსეფ ენ ნესირიმ ისარგებლა და ესპანელები დააწინაურა. პირველ ტაიმში სეივილიამ წითელი ეშმაკების კარის აღება კიდევ ერთხელ შეძლო, თუმცა იმ მომენტში მსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა. „მანჩესტერს“ წონასწორობის აღდგენის რამდენიმე კარგი შანსი ჰქონდა, თუმცა ტენ ჰაგის შეგირდებს ეს არ გამოუვიდათ. 47-ე წუთზე, „წითელი ეშმაკების“ კარი ბადემ, ხოლო 81-ზე ისევ ენ ნესირიმ აიღო და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.]
სევილია ნახევარფინალში იუვენტუსს შეხვდება, რომელმაც ლისაბონის სპორტინგთან საპასუხო მატჩი არ წააგო. რაბიოს გოლს ედვარდსმა უპასუხა და იუვენტუსს ტურინში მოგებული 1:0 მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ეყო.
ყველაზე რთული და დაძაბული შეხვედრა რომში, სტადიო ოლიმპიკოზე გაიმართა, სადაც ერთმანეთს რომა და ფეიენოორდი შეხვდნენ . აღნიშნულ შეხვედრაში საჭირო გახდა დამატებითი ექსტრა ტაიმების დანიშვნა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, რომა სპინაცოლას გოლით დაწინაურდა, თუმცა ცვლილებაზე შესულმა იგორ პაიშაომ მე-80 წუთზე წონასწორობა აღადგინა და ანგარიში 1:1 გახდა. შეხვედრის კულმინაცია 89-ე წუთზე მოხდა, როდესაც დიბალამ რომა წინ გაიყვანა და მატჩი დამატებით დროში გადაიყვანა, სადაც ელ შაარავისა და პელეგრინის გოლებით რომამ 4:1 მოიგო და ნახევარფინალში გავიდა. ჟოზეს გუნდის მეტოქე ლევერკუზენი იქნება, რომელმაც უნიონ სენ ჟილს მარტივად აჯობა - 4:1. ალონსოს გუნდმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვა და დიდი პაუზის შემდეგ ევროტურნირის ნახევარფინალში გავიდა.