საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ჩატარებული ბავშვთა კეთილდღეობის 2022 წლის კვლევის თანახმად, საქართველოში ბავშვების 38% მატერიალურ და სოციალურ დანაკლისს განიცდის.
კვლევის მიხედვით, სოფლად მცხოვრებ ბავშვებში 7-ჯერ და მეტად მაღალია ალბათობა იმისა, რომ ხელი სკოლამდელ განათლებაზე არ მიუწვდებოდეთ, ვიდრე ქალაქში მაცხოვრებელ ბავშვებში.
„სკოლამდელი ასაკის ბავშვების 28% საბავშვო ბაღში არ დადის. მათგან, ბავშვების 22% მშობლის არჩევანის საფუძველზე არ დადის, ხოლო 6% - ბარიერების გამო. ყველაზე გავრცელებული ბარიერებია ზოგიერთ სოფელში სკოლამდელი დაწესებულებების არარსებობა და ბავშვის მომლოდინეთა სიაში მოთავსება.
2021-2022 სასწავლო წელს, 6-17 წლის ასაკის ბავშვების 98% სკოლას, უნივერსიტეტს ან/და პროფესიულ განათლებას ესწრებოდა, ხოლო ბავშვების 2%-ამდე განათლების სისტემის მიღმა იყო დარჩენილი.
კერძო მასწავლებლების მომსახურებას იყენებს 6-17 წლის ასაკის ბავშვების 19% და ამდენივეს სურს, მაგრამ ვერ ახერხებს, აღნიშნული სერვისით ისარგებლოს. კერძო მასწავლებლების მომსახურების მიღების ყველაზე გავრცელებული ბარიერი ფინანსების ნაკლებობაა, რომელიც შემთხვევების 87%-შია აღნიშნული.
საგანმანათლებლო მასალების ნაკლებობა მნიშვნელოვანი პრობლემაა; ბავშვების 45%-ს არ აქვს ერთი საგანმანათლებლო ნივთი მაინც, რომელიც ისურვეს, მაგრამ ხელი არ მიუწვდებათ. საგანმანათლებლო ნივთები, რომლებიც ბავშვებს ყველაზე ხშირად აკლიათ არის ლეპტოპები/კომპიუტერები (29%) შემდეგ სახატავი მასალები, წიგნები და მუსიკალური ინსტრუმენტები მოდის.
მშობლების უმრავლესობა სკოლამდელი და სასკოლო განათლებისა და ჯანდაცვის მომსახურებით კმაყოფილია.
გარდა ამისა, კვლევის მიხედვით, მნიშვნელოვანი გამოწვევაა სასკოლო პერიოდში კვებაც, რადგან ბავშვების ერთ მეოთხედზე ოდნავ მეტი (27%) სკოლაში საკვებს ყოველდღიურად იღებს, ხოლო 35% სკოლის პერიოდში არასდროს იკვებება. საკვების მიღების ბარიერები მატერიალური დანაკლისის მქონე ბავშვებს შორის უფრო მეტადაა გავრცელებული (45%) ვიდრე ასეთი დანაკლისის არმქონე ბავშვებს შორის (28%) სკოლაში საკვების მიღების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ბარიერი სკოლის სიახლოვეს საკვები ობიექტის არარსებობაა (ეს მიზეზი დასახელდა შემთხვევების 36%-ში). ფინანსური ბარიერები ასევე მატერიალური დანაკლისის მქონე ბავშვების შემთხვევაშია დასახელებული, რომლებიც სასკოლო საათებში საერთოდ არ იკვებებიან.
ასევე, ბავშვების 12%-მა საჭირო სამედიცინო მკურნალობა (სრულად ან ნაწილობრივ), ხოლო 5%-მა საჭირო მედიკამენტები ვერ მიიღო. ორივე შემთხვევაში ძირითადი ბარიერები ფინანსური იყო.
„ბავშვების 62%-ის მშობლებმა/ოჯახის წევრებმა განაცხადეს, რომ ბავშვების აღზრდის მხოლოდ არაძალადობრივ მეთოდებს იყენებენ. ფსიქოლოგიური აგრესია, როგორიცაა ყვირილი და ბავშვისთვის დამამცირებელი სახელების წოდება ბავშვების 29%-ის შემთხვევაში დაფიქსირდა, ხოლო ბავშვების 5% ფიზიკურ დასჯას დაექვემდებარა, როგორიცაა ცემა, სილის გაწნა, ყურის აწევა ან დარტყმა. სასტიკი ფიზიკური დასჯა, მაგალითად - მთელი ძალით ცემა, ბავშვების ერთ%-ზე ნაკლებს შეეხო”,- აღნიშნულია კვლევაში.