მიმდინარე წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 4 მილიარდ 783 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 22.1 პროცენტით მეტია. ამის შესახებ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, აქედან ექსპორტი მილიარდ 461 მლნ დოლარს შეადგენს, რაც დაახლოებით 25 პროცენტით გაზრდილი მაჩვენებელია, ხოლო იმპორტი 3 მილიარდ 322 მლნ დოლარს. აქაც ზრდა გვაქვს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 21 პროცენტით. საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2023 წლის იანვარ-მარტში, მილიარდ 860 მლნ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 38.9 პროცენტია.
როცა საგარეო სავაჭრო ბრუნვაზე ვსაუბრობთ, ყოველთვის საინტერესოა ვინ არიან ჩვენი ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები. საექსპორტო სამეულში მოხვდნენა სომხეთი, აზერბაიჯანი და რუსეთი.
რაც შეეხება იმპორტს, პირველ სამეულში შედის: თურქეთი, რუსეთი და აშშ. სასაქონლო ჯგუფებიდან კი საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა, მეორე ადგილს იკავებს სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები. უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფშიც მსუბუქი ავტომობილები ლიდერობს, მეორე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები, ხოლო მესამეზე ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები.