ლეგენდარული ბლიუზ-გიტრისტი ერიკ კლეპტონი, რომელმაც სიცოცხლეშივე შეიძინა კლასიკოსის სტატუსი, ყოველთვის იშვიათი პერფექციონიზმით გამოირჩეოდა. მეტიც, საშემსრულებლო მანერით გამორჩეულმა მუსიკოსმა ინდივიდუალური, საოცრად თვითმყოფადი სტილი შექმნა და თავად იქცა ეპოქის სიმბოლოდ.
მუსიკა მცირეწლოვანმა ერიკმა ბებიის - როზა კლეშის წყალობით შეიყვარა, რომელიც თვითონ ფორტეპიანოზე უკრავდა, შვილიშვილს კი, პირველი გიტარა აჩუქა. სხვათა შორის, ერიკი სწორედ ბებიას თვლიდა საკუთარ დედად, რადგან ნამდვილმა დედამ - პატრისია მოლი კლეპტონმა საკმაოდ ადრე 16 წლის ასაკში გააჩინა შვილი და ბებიას მიაბარა აღსაზრდელად, მამამ - კანადელმა ჯარისკაცმა ედვარდ უოლტერ ფრაიერმა კი, მის დაბადებამდე დატოვა ბრიტანეთი და დაბრუნდა მშობლიურ კანადაში.
9 წლის ერიკისთვის ნამდვილ შოკად იქცა, როცა მეორედ გათხოვილი, გერმანიაში გამგზავრებული პატრისია დაბრუნდა უკან და დიდი ხნის უნახავ შვილს მთელი სიმართლე მოუთხრო. სტრესი პირველ რიგში მოზარდი კლეპტონის აკადემიურ მოსწრებაზე აისახა ნეგატიურად, რადგან ერიკმა ვერც ჰოლიფილდის პრესტიჟულ სკოლაში შეძლო გამოცდების ჩაბარება, ვერც მოგვიანებით კინგსტონის სამხატვრო კოლეჯში, თუმცა 16 წლის ასაკში კლეპტონს არა იმდენად ოჯახური უსიამოვნებები, რამდენადაც მუსიკა აღელვებდა, რადგან როკ’ნ’როლით გატაცებული სწორედ გიტარაზე დაკვრას უთმობდა მთელ თავისუფალ დროს.
შვილიშვილის ინტერესებს ნაკლებად იზიარებდა ბაბუა, რომელიც ყოველდღე მასთან ერთად აიძულებდა მშენებლობაზე მუშაობას, თუმცა, ახალგაზრდა კლეპტონმა მაინც თავისი გაიტანა, მით უფრო, რომ სწორედ მშენებლობაზე გაიცნო გიტარისტი დევიდ ბროკი, რომელმაც თანამშრომლობა და ადგილობრივ პაბებში გამოსვლა შესთავაზა.
1962 წელს, 17 წლის კლეპტონმა ჯგუფის The Roosters-ის შემადგენლობაში მოსინჯა ადრეული ბრიტანული R&B-ის დაკვრა, სამი წლის შემდეგ კი, Yardbirds-ს შეუერთდა, რომელიც როკ-მიმართულების მიუხედავად მაინც ბლუზის გავლენას განიცდიდა. 1965 წელს წარმატებული სინგლის For Your Love გამოშვების შემდეგ ჯგუფმა მუსიკალური ორიენტაციის შეცვლა და პოპ-მუსიკის ჟანრში მუშაობა გადაწყვიტა, რამაც ბლუზის ერთგულ კლეპტონს კოლექტივის დატოვება აიძულა.
არ გაამართლა არც ჯგუფში Blind Faith მუზიცირებამ, რომელიც კლეპტონმა მასშტაბური ტურნესა და სადებიუტო ალბომის გამოშვების შემდეგ დატოვა, რადგან ერთის მხრივ, ნაკრებში გაერთიანებული კომპოზიციების ხარისხი დაიწუნა, მეორეს მხრივ, პრესის ყურადღებას გაექცა, როცა ჟურნალისტები ახალგაზრდა, მეტად პერსპექტიული მუსიკოსის შემოქმედებით დაინტერესდნენ.
1960-იან წლებში კლეპტონმა „ზარმაცი ხელის“ მეტსახელი შეიძინა, რაც მეტად უჩვეულოა მუსიკოსისთვის, რომელმაც სწორედ გიტარაზე ვირტუოზული დაკვრით მოიპოვა აღიარება. როგორც აღმოჩნდა, საკონცერტო გამოსვლებისას კლეპტონის გიტარაზე მუდმივად წყდებოდა სიმები და სანამ ის აუჩქარებლად ცვლიდა დაზიანებულს ახლით, პუბლიკა ზანტი აპლოდისმენტებით ცდილობდა მის და საკუთარი თავის გამხნევებას. სწორედ მაშინ შეარქვა პროდიუსერმა ჯორჯიო გომელსკიმ ხუმრობით „ზარმაცი ხელი“, რითაც მის მომქანცველ სიდინჯეს გაუსვა ხაზი.
1968 წელს Beatles-ის ალბომის The White Album ჩაწერისას, ჯორჯ ჰარისონმა შენიშნა, რომ ჯგუფის წევრები ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ მის კომპოზიციას While My Guitar Gently Weeps-ს. გულდაწყვეტილმა მუსიკოსმა სწორედ ძველ მეგობარს, ერიკ კლეპტონს მიმართა დახმარებისთვის, რომელიც უხალისოდ დათანხმდა შეთავაზებას, რადგან არც „ბითლზის“ წევრებს მოსწონდათ საკუთარ კოლექტივში უცხოს მიღება, არც სხვა მუსიკოსები ცდილობდნენ მათ მუსიკალურ სამყაროში შეჭრას. თუმცა, ამჯერად ექსპერიმენტმა გაამართლა, რადგან სწორედ კლეპტონის მუზიცირებამ შთააგონა პოლ მაკარტნი შესანიშნავი შესავლის მოფიქრებაზე, თავად ჰარისონი კი, სიმღერის სოლო შესრულებაზე.
კომპოზიცია Layla, რომელიც 1970 წელს ჩაწრა ჯგუფმა Derek and the Dominos, დღეს კი, როკ-მუსიკის საუკეთესო სასიყვარულო ბალადად და თავად კლეპტონის სავიზიტო ბარათად ითვლება, მუსიკოსს ერთის მხრივ, მე-19 საუკუნის სპარსული პოეზიის შედევრმა, პოემამ „ლეილი და მანჯუნიმ“, მეორეს მხრივ, მეგობარი ჰარისონის მეუღლემ პერი ბოიდმა შთააგონა, რომელიც ოთხი წელი უყვარდა უპასუხოდ და მხოლოდ მაშინ მოიყვანა ცოლად, როცა პეტი მეუღლეს დაშორდა. თუმცა, ბოიდის ქორწინება არც კლეპტონთან აღმოჩნდა ხანგრძლივი, რადგან ხუთ წელიწადში დაშორდა ალკოჰოლიზმში და მრავალრიცხოვან რომანებში დადანაშაულებულ მუსიკოსს.
აღსანიშნავია, რომ თავად ჰარისონი აბსოლუტურად მშვიდად შეხვდა ყოფილი მეუღლისა და მეგობრის ქორწინებას. მეტიც, მუსიკოსმა პირადად მიულოცა წყვილს შეუღლება, მოგვიანებით კი, კომპოზიცია მოიწონა, „საოცრად ამაღელვებელი, ვნებიანი და დრამატიზმით სავსე სიმღერაა. საწყენია, რომ ერიკმა და პეტიმ ვერ შეძლეს ქორწინების შენარჩუნება“, - გულწრფელი სინანულით შენიშნა მუსიკოსმა.
არანაკლებ ემოციურია კომპოზიცია Tears in Heaven, რომელიც მუსიკოსმა შვილის გარდაცვალების შემდეგ ჩაწერა. 4 წლის კონორი ნიუ-იორკში, ერთ-ერთი ცათამბჯენის ფანჯრიდან გადმოვარდა 1991 წელს, რაც კლეპტონისთვის უმიმეს ტრაგედიად იქცა, მუსიკოსი მთელი წელი ცხოვრობდა განდეგილად და ალკოჰოლით, ნარკოტიკებით ცდილობდა დეპრესიის დამარცხებას, 1992 წელს კი, პოეტთან უილ ჯენინგთან ერთად შექმნა Tears in Heaven, რომელმაც არა მხოლოდ „გრემის“ სამი პრემია მოუტანა, არამედ მის ყველაზე გაყიდვად სინგლადაც იქცა ამერიკაში.
2000 წელს კლეპტონმა დიდი ხნის ოცნება აისრულა და ალბომი Riding With The King ჩაწერა საკუთარ კერპთან ბი ბი კინგთან ერთად, რომელმაც „გრემის“ ნომინაცია მოიპოვა. ამასთანავე, მუსიკოსი, რომელიც მეორე პოზიციით შევიდა ჟურნალ Rolling Stone-ის „ყველა დროის უდიდესი გიტარისტების“ რეიტინგში და მხოლოდ ჯიმი ჰენდრიქსს დაუთმო პირველობა, სამჯერ მოხვდა როკ’ნ’როლის დიდების დარბაზში როგორც ჯგუფების Yardbirds-ის და Cream-ის წევრის, ისე სოლო შემსრულებლის სტატუსით და ერთადერთი მუსიკოსი გახდა, ვინც მსგავსი პატივი დაიმსახურა.