გიორგი შერმადინის ლენოვო ტენერიფემ საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის ოთხთა ფინალში გააღწია და მაისში ტიტულის შენარჩუნებას ეცდება.
ტენერიფელებმა მეოთხედფინალური სერიის გადამწყვეტ მატჩში ესპანურსავე მანრესას 84:72 სძლიეს, ქართველი ცენტრი კი სასტარტო ხუთეულში იყო და 18:37 წუთში 8 ქულა, 7 მოხსნა და 2 პასი მიითვალა.
შერმადინმა 3-ვე ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 4 პერსონალური ფოლი მიიღო. ქართველი ცენტრის სარგებლიანობის კოეფიციენტი 15-ს გაუტოლდა და ის ტენერიფელთა რიგებში მხოლოდ ბრუნო ფიტიპალდოს (19) ჩამორჩა, რომელმაც 22 ქულა მოაგროვა.
უკვე ცნობილია, რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ლენოვო ტენერიფე მალაგის უნიკახას შეხვდება, ფინალის მე-2 საგზურისთვის კი გერმანული ბონი და ისრაელის წარმომადგენელი ჰაპოელ იერუსალიმი იბრძოლებენ. ოთხთა ფინალი 12-14 მაისს არის დაგეგმილი.