იტალიის ჩემპიონატში ერთპიროვნული ლიდერობა თორნიკე შენგელიას ვირტუს ბოლონიამ კვლავ შეინარჩუნა. ამაში ქართველ კალათბურთელს დიდი წვლილი მიუძღვის.ბოლონიელებმა სტუმრად ჯივოვა სკაფატის ანგარიშით 83:81 სძლიეს, საქართველოს ნაკრების კაპიტანი კი სასტარტო ხუთეულში იყო. მან 31 წუთში 15 ქულა, 8 მოხსნა, 4 ჩაჭრა და 3 პასი მიითვალა.
შენგელიამ 10-დან 5 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.
შედეგად, ქართველი მძიმე ფორვარდის სარგებლიანობის კოეფიციენტი 23-ს გაუტოლდა და ის მატჩის ემვიპი გახდა.
აღსანიშნავია, რომ სკაფატის განაცხადში ამჯერადაც მოხვდა ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელი რომან ჭინჭარაული, თუმცა, მას მოედანზე გასვლის საშუალება არ მისცემია.
ვირტუს ბოლონიას 27 ტურში 21 მოგება მოუგროვდა და პირველ ადგილზე იმყოფება. შენგელია და მისი თანაგუნდელები სერია A-ში მომდევნო მატჩს 23 აპრილს, შინ, სასარისთან ჩაატარებენ.