საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა ექვსი მედლით და აზერბაიჯანის შემდეგ გუნდური მეორე ადგილით დაასრულა. ქართველი ფალავნების ანგარიშზე თითო ოქრო, ვერცხლი და 4 ბრინჯაოს მედალია. ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში გამართულ ტურნირში ბოლოს ხალიჩაზე მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილი გავიდა, რომელმაც ფინალური შეხვედრა ისევ ტიტულოვან თურქი ტაჰა აკგულთან დათმო. 29 წლის ქართველმა მოჭიდავემ პრინციპულ მეტოქესთან შეხვედრა ანგარიშით 4:9 წააგო და წელსაც ვერცხლს დასჯერდა.
გენომ ზაგრებში გამოსვლა 1/4-ფინალიდან დაიწყო, სადაც ბერძენ აზამატ ხოსონოვს ანგარიშით 12:2 მოუგო, ნახევარფინალში კი უნგრელ დანიელ ლიგეტის ანგარიშით 7:4 აჯობა.
ასევე გუშინ სამმა ქართველმა ფალავანმა ბრინჯაოს მედლითვის იჭიდავა და სამივემ მოახერხა მესამე ადგილის დაკავება. 61 კგ-ში შოთა ფარტენაძე უკრაინელ ტარას მარკოვიჩს დაუპირისპირდა და 3-ქულიანი ჩამორჩენის მიუხედავად, საბოლოოდ ანგარიშით 6:5 გაიმარჯვა. მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა 74 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ავთანდილ კენჭაძემ სომეხ ჰრაირ ალიხანიანს შანსი არ მისცა და იოლად ანგარიშით 8-0 მოუგო.
ევროპის ჩემიონატზე შარშანდელი შედეგი გაიმეორა 92 კგ-ში მოჭიდავე მირიან მაისურაძემ, რომელმაც მედლისთვის შეხვედრაში უკრაინელ ილია არჩაიას დამაჯერებლად სძლია ანგარიშით 7:2.
შეგახსენებთ, რომ ტურნირში მანამდე ჩემპიონი გივი მაჭარაშვილი (97 კგ.) გახდა, მე-3 ადგილზე კი ედემი ბოლქვაძე (65 კგ.) გავიდა. ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები 21-23 აპრილს იასპარეზებენ. საქართველოს ნაკრებს წარმომადგენელი ათივე წონით კატეგორიაში ეყოლება.