ჩემპიონთა ლიგის დარჩენილი ორი საპასუხო მეოთხედფინალური მატჩი ჩატარდა და ნახევარფინალური წყვილები გაირკვა. „მანჩესტერ სიტი“ სახლში 3-ბურთიანი სხვაობით გამარჯვების შემდეგ სტუმრად „ბაიერნს“ ანგარიშით 1:1 დაუზავდა და ზედიზედ მესამედ, ისტორიაში კი მეოთხედ ტურნირის ნახევარფინალში გავიდა.
პირველ ტაიმში დაიო უპამეკანოს გამო „ბაიერნი“ ორჯერ გადარჩა - ჯერ მსაჯმა ბოლო იმედის ჯარიმის გამო წითელი ბარათი უჩვენა, მაგრამ თამაშგარე დაფიქსირდა, შემდეგ კი ილქაი გიუნდოგანის დარტყმული ბურთი საჯარიმოში ხელზე მოხვდა და ჰოლანმა პენალტი ვერ გამოიყენა. მან კარიერაში 36 თერთმეტმეტრიანიდან მხოლოდ 3 გააფუჭა. თუმცა, 57-ე წუთზე ნორვეგიელი იან ზომერთან პირისპირ გაიჭრა და „ქალაქელები“ დააწინაურა. 83-ე წუთზე პენალტი უკვე ედერსონის კარში დაინიშნა და იოზუა კიმიხმა ანგარიში გაათანაბრა.
გუშინდელ მეორე მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში „ინტერმა“ საკუთარ მოედანზე „ბენფიკასთან“ გამარჯვება ხელიდან გაუშვა, თუმცა ორი შეხვედრის ჯამში ანგარიშით 5:3 გაიმარჯვა და ლისაბონური გუნდის ბარიერი გადალახა. "ნერაძური" 13 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს ნახევარფინალში. ნახევარფინალში „ინტერი“ „მილანს“ შეხვდება, ხოლო „მანჩესტერ სიტი“ „რეალს“ დაუპირისპირდება. პირველი შეხვედრები 9 და 10 მაისს გაიმართება, ხოლო საპასუხო მატჩები 16 და 17 მაისს.