20 აპრილს, Harvard University-ის დევისის ცენტრის ორგანიზებით, Berklee College of Music-ის ასოცირებული პროფესორის, გიორგი მიქაძის საავტორო პროექტის „The Great Georgian Songbook“-ის კონცერტი შედგება.
აღსანიშნავია, რომ გიორგი მიქაძისა და ჰარვარდის უნივერსიტეტს შორის აღნიშნული შემოქმედებითი თანამშრომლობა პირველია. კონცერტი გაიმართება კემბრიჯში (Swedenborg Chapel, 50 Quincy St, Cambridge, MA 02138). ჯაზ-ტრიოს შემადგენლობაში არიან გიორგი მიქაძე – ფორტეპიანო, ისააკ კოილი – ბასი, ჰენრი პლამბი – დასარტყამი საკრავები. ღონისძიებას დაესწრება ბერკლის კოლეჯის და ჰარვარდის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი.
გიორგი მიქაძე, პროექტის კონცეფციის შესახებ საუბრობს: „პროექტის შექმნის შთაგონება იყო გენიალურ ქართველ კომპოზიტორთა კინო და თეატრალური მუსიკის შედევრები, რომლებიც ქართული მუსიკის ოქროს ფონდს წარმოადგენს და ბავშობიდან აღიბეჭდა ჩემს მეხსიერებაში. უმეტესად ქართველი მუსიკოსები ამერიკულ კომპოზიციებს ვასრულებთ, დაწერილს ჰოლივუდური ფილმებისა თუ ბროდვეის შოუებისთვის, რაც მოგვიანებით ჯაზსტანდარტად ჩამოყალიბდა, მაშინ, როდესაც ქართველი კომპოზიტორები არანაკლები ღირებულების კომპოზიციებს წერდნენ, რომელთაც ჩვენთვის, მუსიკოსებისთვის საინტერესო პერსპექტივები გააჩნიათ“.
გიორგი მიქაძემ ქართული სიმღერები, რომლის საფუძველი ქართველ კომპოზიტორთა მიერ შექმნილი კინო და თეატრალური მუსიკაა, ერთ კრებულად შეკრა. პროექტში შესულია ისეთი კომპოზიციები, როგორიცაა გია ყანჩელის „ჯადოსნური კვერცხი“ (მულტფილმიდან „ჯადოსნური კვერცხი“), ჯანსუღ კახიძის სიმღერა „მთაწმინდის მთვარე“, დავით თორაძის რომანსი „ქარი კვლავ არხევს“ (კონოფილმიდან დღე პირველი, დღე უკანასკნელი), სულხან ცინცაძის „ლირიკული დუეტი“ (კინოფილმიდან „თოჯინები იცინიან“), შოთა მილორავას სიმღერა „ისევ ის ბაღი“, ნოდარ გაბუნიას „სიყვარულის თემა“ (კინოფილმიდან „ივანე კოტორაშვილის ამბავი“), სულხან ცინცაძის საკვარტეტო მინიატურა „საჭიდაო“, რუსუდან სებისკვერაძის „ისევ ქარი წაიღებს“ და სხვ.
თითოეული სიმღერის არანჟირება კლასიკური ჯაზ-ტრიოს ფორმატშია გადაწყვეტილი. გიორგი მიქაძე, პროფესიონალიზმით, მაქსიმალური სიფრთხილით ეკიდება, ავტორისეულ პირველწყაროს, კომპოზიტორების ინდივიდუალურ სტილისტურ ესთეტიკას და ამავდროულად ქორუსებს, აქცევს ჯაზსტანდარტის კლასიკურ ფორმაში.
პროექტის მიზანია ქართველი კომპოზიტორების შემოქმედების პოპულარიზაცია. მუსიკოსმა „The Great Georgian Songbook“-ის სახით, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში გააცნო მსმენელს ქართველ კომპოზიტორთა შემოქმედება.