იემენის დედაქალაქ სანაში, ერთ-ერთ სკოლაში რამადანთან დაკავშირებული საქველმოქმედო აქციის დროს ჭყლეტა მოხდა, რის შედეგადაც მინიმუმ 78 ადამიანი დაიღუპა.
Reuters-ის ცნობით, სკოლაში ასობით ადამიანი შეიკრიბა, რათა მიეღოთ შემოწირულობა, რომელიც ერთ ადამიანზე დაახლოებით 9 აშშ დოლარს შეადგენდა. იემენის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საქველმოქმედო აქციაზე პასუხისმგებელი პირები დააკავეს და გამოძიება მიმდინარეობს.
იემენში პოლიტიკური ვითარება 2015 წელს მას შემდეგ გამწვავდა, რაც ქვეყნის დასავლეთის დიდ ნაწილზე კონტროლი ჰუსიტებმა დაამყარეს. წლების განმავლობაში მიმდინარე დაპირისპირებას 150 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. მოსახლეობის დიდი ნაწილი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს.