შეერთებულმა შტატებმა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის დახმარების ახალი, 325 მილიონი დოლარის ღირებულების პაკეტი გამოაცხადა. დახმარების პაკეტი მოიცავს HIMARS-ის საბრძოლო მასალებს, 155 და 105 მილიმეტრიან საარტილერიო ჭურვებს, ტანკსაწინააღმდეგო მართვად რაკეტებს, ყუმბარმტყორცნებს, 9 მილიონზე მეტ ვაზნასა და მაღალი სიზუსტის საავიაციო საბრძოლო მასალებს.
ამასთან, დახმარების ახალი პაკეტის ფარგლებში უკრაინა საკონტროლო და სადიაგნოსტიკო აღჭურვილობას სატრანსპორტო საშუალებების მოვლისა და შეკეთებისთვის სათადარიგო ნაწილებს და სხვა საველე აღჭურვილობას მიიღებს.
პენტაგონში აცხადებენ, რომ აშშ თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად გააგრძელებს მუშაობას, რათა ბრძოლის ველზე უკრაინამ უპირატესობის მოპოვება შეძლოს.