რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი ოფიციალური სეულის პოზიციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, სამხრეთ კორეამ შესაძლოა გააფართოოს უკრაინის მიმართ მხარდაჭერა და ჰუმანიტარული და ეკონომიკური დახმარების ფარგლებს გასცდეს. სამხრეთ კორეა გადაწყვეტილებას იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაზე ფართომასშტაბიანი თავდასხმა განხორციელდება. „ტელეგრამის“ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში მედვედევი აცხადებს, რომ ჰორიზონტზე ახალი ქვეყნები გამოჩნდნენ, რომლებიც უკრაინის დახმარებას გეგმავენ. მედვედევი სამხრეთ კორეას დაემუქრა და აღნიშნა, რომ აქამდე სეული ირწმუნებოდა რომ უკრაინას იარაღს არ მიაწვდიდა.