უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბელარუსთან და პოლონეთთან არსებული საზღვრის მონაკვეთი დაათვალიერა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მესაზღვრეებს სახელმწიფო საზღვრისა და ბახმუტში სახელმწიფოს დაცვისთვის მადლობა გადაუხადა. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინელები ძლიერი მესაზღვრეებით ამაყობენ. უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურის განმარტებით, ზელენსკი სახელმწიფო საზღვრის მოწყობას გაეცნო და უკრაინის საზღვრის დაცვის უზრუნველყოფისა და ბელარუსის ტერიტორიიდან მოწინააღმდეგის შესაძლო შემოჭრის მოგერიების მზადყოფნისთვის მიმდინარე საინჟინრო ბარიერების მოწყობის შესახებ ინფორმაცია მიიღო. მესაზღვრეებმა პრეზიდენტს ინფორმაცია 2022 წლის დასაწყისიდან ბელარუსთან უკრაინის საზღვრის გასამაგრებლად გატარებული სამუშაოების შესახებ გააცნეს.