გამოცემა “პოლიტიკოს“ ინფორმაციით, ევროპელი პოლიტიკოსები და ოფიციალური პირები პოლონეთში, უნგრეთსა და სლოვაკეთში, უკრაინული მარცვლეულის და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტების იმპორტის აკრძალვას აკრიტიკებენ, შეზღუდვებს კი უკანონოდ და კონტრპროდუქტიულად აფასებენ.
გამოცემის ცნობით, აღნიშნულმა სამმა ქვეყანამ უკრაინული მარცვლეულისა და სხვა საკვები პროდუქტების იმპორტი იმ მიზეზით აკრძალა, რომ მათი ხელისუფლებების მტკიცებით, ექსპორტის ჭარბმა რაოდენობამ „წალეკა“ მათი ბაზრები და საფრთხე შეუქმნა ადგილობრივი ფერმერების საარსებო წყაროს.
გამოცემა წერს, რომ საკითხი, შესაძლოა, „შენელებული მოქმედების ბომბად“ იქცეს. სტატიაში აღნიშნულია, რომ პოლონეთი უარყოფს მოსაზრებას, რომ ის წესებს არღვევს და არგუმენტად მოაქვს ეროვნული კანონები, რომლებიც მას საზოგადოებრივი უსაფრთხოების მიზეზების გამო აღნიშნული ნაბიჯის გადადგმის საშუალებას აძლევს.