დავით კეზერაშვილი ე.წ. ქოლ-ცენტრების საკითხზე ბრალდებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. დავით კეზერაშვილის განცხადებას „ფორმულა“ ავრცელებს.
„საქართველოში დღეს რთული ვითარებაა. სამოქალაქო საზოგადოება რუსულ ოლიგარქიულ რეჟიმთან ბრძოლის გადამწყვეტ ფაზაში შედის. ქვეყნის დასავლურ მისწრაფებასთან მიმართებაში არაერთგზის გამოხატული საზოგადოებრივი ერთობა ივანიშვილისთვის ნიშნავს, რომ მისი 11 წლიანი ძალისხმევა - საქართველო გაეხადა ღია პლატფორმა პუტინის რუსეთისთვის, განწირული აღმოჩნდა. ოლიგარქის რეჟიმისთვის ფინიშთან მიახლოების ნიშანს იძლევა უკრაინასთან ომში რუსეთის პერმანენტული მარცხიც.
საქართველოში მოქმედი ხელისუფლებისა და მისი რეალური მმართველისთვის დღეს პრობლემაა ყველა ის ინსტიტუცია და ადამიანი, ვინც მისი მკაცრი ვერტიკალის ქვეშ არ არის მოქცეული. „ქართული ოცნების“ მმართველისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველია მისგან, რუსული ოლიგარქიული რეჟიმისგან დამოუკიდებელი ფინანსური რესურსები, პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო სექტორი, მედია, ახალგაზრდები. ოლიგარქის პერსპექტივიდან დღეს საფრთხეა ყველგან, სადაც ის არ არის, რასაც ის ვერ აკონტროლებს, რასაც დემოკრატიულობისა და დასავლური ღირებულებების შინაარსი შეიძლება ჰქონდეს.
ამ ფონზე მე არ მაქვს შეკითხვა, რატომ გავხდი წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის პერსონალური სამიზნე. რაც დღეს ჩემთან დაკავშირებით ხდება - პოლიტიკური თანამდებობის პირების უსაფუძვლო კამპანიური განცხადებები, კლანური სასამართლოს გადაწყვეტილებები, სამთავრობო პროპაგანდისტული მედიის ყოველდღიური ცრუ ბრალდებები - არის ნიშანი იმისა, რომ ერთ-ერთი მსხვილ სამიზნედ ვარ შერჩეული და ხელისუფლებას ნებისმიერ ფასად უნდა ჩემი, როგორც საქმიანი რეპუტაციის დაზიანება, ასევე, რეალური მიზნების ბინძური მეთოდებით ინტერპრეტირება.
მას შემდეგ, რაც იძულებული გავხდი საქართველო დამეტოვებინა, არაერთ სირთულესთან მომიწია გამკლავება. აქ არ ვაპირებ, ბრალდებების ნიაღვართან ბრძოლის ემოციურ ნაწილზე შევჩერდე. შეგიძლიათ მხოლოდ წარმოიდგინოთ, რას ნიშნავს საუკეთესო რუსული ტრადიციით შექმნილი მესიჯის თვალყურის დევნება, რომ თითქოსდა ჩემს ხელში გაიფლანგა ქართულ ჯარის წვრთნისა და აღჭურვისთვის განკუთვნილი მილიონები - იმ ჯარის, რომელსაც მთელი გულითა და გონებით ვემსახურე. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მეც და ჩემს ოჯახსაც გააზრებული გვაქვს, რა ბრძოლაში ვართ და ამ პროცესში პროპაგანდისტული მანქანის ეპიცენტრში ყოფნასაც მივეჩვიეთ, ჩემთვისაც კი განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა ბრალდებების მრავალწლიანი კასკადის ბოლო ეპიზოდი, ე.წ. ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებით. მის სირთულეს კი განაპირობებს ის სამწუხარო ფაქტორი, რომ ჩემს წინააღმდეგ კამპანიის ნაწილი გახდა მაღალი პროფესიული სტანდარტებით გამოირჩეული საერთაშორისო მედიასაშუალება, რომლის ტრადიციულ რეპუტაციულ გამართულობასაც შეუძლებელია პატივი არ სცე. მიუხედავად ამისა, მიწევს ვთქვა, რომ ბრიტანული საზოგადოებრივი მაუწყებლის სხვადასხვა პლატფორმისთვის მომზადებულ საგამოძიებო მასალაში ჩემთან დაკავშირებით გავიდა არაერთი უზუსტობა, რამაც, საერთო სურათში, სცადა მანამდე მოგონილი ბრალდების გამყარება.
პირველ რიგში, საგამოძიებო მასალის ავტორის შესახებ: ჟურნალისტი წარმოადგენს ისრაელის მედიასაშუალებას - The Times of Israel (არა BBC-ის) და ის წლების განმავლობაში ცდილობს შემილახოს საქმიანი რეპუტაცია. ამის მაგალითად ისრაელის მედიაში გამოქვეყნებული მისი პუბლიაკაციები გამოდგება. მე არ ვიცი, რა შეიძლება იყოს ავტორის მოტივაცია. აღვნიშნავ მხოლოდ იმას, რომ მისი მასალების დიდი ნაწილი ბევრ საკითხში უცნაურად ემთხვევა რუსული რეჟიმის ცრუ ნარატივებს, მათ შორის, საქართველოს სახელმწიფოს თავდაცვის სისტემის საკითხებთან დაკავშირებით, რაც ჩემს საქმიანობასთან მიმართებაში ყოველთვის განსაკუთრებულად აღელვებდა და აღელვებს რუსეთს.
ახლა რაც შეეხება იმავე ავტორის მიერ გამოთქმულ ბრალდებას და ე.წ. ქოლ-ცენტრების სქემასთან ჩემს დაკავშირებას, აქ მინდა მეტ დეტალზე გავამახვილო ყურადღება:
ტყულია, თითქოს მე უარი ვთქვი ჟურნალისტთან თანამშრომლობაზე. არსებობს ავტორთა ჯგუფთან ჩემი იურისტების არაერთი კომუნიკაციის დამადასტურებელი დაახლოებით 50 გვერდიანი დოკუმენტები. აღვნიშნავ, რომ მის მასალებში არ მოხვდა ჩემი მხრიდან მიწოდებული არც ერთი ფაქტობრივი გარემოება, რომელიც არგუმენტირებულად უარყოფდა მის ვარაუდებსა და დაშვებებს ე.წ. ქოლ-ცენტრებთან ჩემი კავშირების შესახებ. რაც შეეხება ფილმის ეპიზოდს, როდესაც ჟურნალისტი ჩემს საცხოვრებელ სახლში მოდის და მე თითქოს მასთან საუბარზე უარს ვამბობ, ეს „სტუმრობა“ მოხდა დაახლოებით დილის 7 საათზე. მას სახლში დახვდა ჩემი არასრულწლოვანი შვილი, რომელსაც ბუნებრივია, მისთვის საინტერესო საკითხებზე პასუხები ვერ ექნებოდა.
ტყუილია, თითქოს რამე კავშირი მაქვს ე.წ. მილტონ ჯგუფთან ან მასთან დაკავშირებული ქსელის საქმიანობასთან. ამას მასალის ავტორი თავადაც არაერთგზის ასკვნის: რომ „არ არსებობს საჯაროდ ხელმისაწვდომი არც ერთი დოკუმენტი, რომელიც კეზერაშვილს დააკავშირებს მილტონის ქსელთან...“; „რაც შეეხება მილტონ ჯგუფს, არ არსებობს საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტიაც, რომელიც დააკავშებდა კეზერაშვილს თაღლითურ კომპანიებთან და არ არსებობს მტკიცებულება, რომ მას ჰქონდა პირდაპირი ფინანსური ინტერესი მილტონის ქსელის კომპანიებში“. თუმცა მიუხედავად საკუთარი დასკვნისა, ის არათუ ძალაში ტოვებს, არამედ აძლიერებს ვარაუდს, რომ ქსელის სათავეში სწორედ მე ვარ.
ტყუილია, თითქოს მე იყავი ჩართული ტექ-კომპანიაში, რომელიც ქმნიდა სავაჭრო პლატფორმებს ე.წ. მილტონ ჯგუფისთვის. მასალაში არ არის და ვერც იქნება მსგავსი ფაქტების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი.
ტყუილია, თითქოს ჩემი რომელიმე კომპანია ამზადებდა ვებსაიტებს ე.წ. მილტონ ჯგუფისთვის. ჩემს არცერთ კომპანიას არასოდეს გაუკეთებია ბრენდინგი ან ვებ-დომეინი ამ სავაჭრო პლატფორმისთვის. ბუნებაში არ არსებობს მსგავსი ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
აუდიტორიის განზრახ შეცდომაში შემყვანია მასალაში აღნიშნული ინფორმაცია, თითქოს ჩემი კომპანიის იმეილები და ე.წ. მილტონ ჯგუფის ვებსაიტები ერთსა და იმავე სერვერებზე მდებარეობდა. განვმარტავ: ჩემი კომპანიებისა და ჩემი იმეილის კიბერუსაფრთხოებას უზრუნველყოფს მესამე მხარე. იმის გამო, რომ ჩემი ელ-ფოსტა არაერთხელ გამხადარა კიბერ თავდასხმის ობიექტი, მომსახურე კომპანია მაღალი დაცულობის უზრუნველსაყოფად ხშირად ცვლის სერვერებს. მე არ მაქვს და ვერც მექნება ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ როდის რომელ სერვერზეა ჩემთან დაკავშირებული კომპანიები, ან რა ინახება სხვა ამათუიმ სერვერსა თუ ელ-ფოსტის ე.წ. „ქლაუდზე“.
ტყულია ცნობა, თითქოს ჩემი ბიზნეს-ცენტრი კიევში არის „თაღლითური ქოლცენტრების სახლი“, რომელიც ყიდის კომპიუტერულ პროგრამებს (software). სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ კიევში ჩემს კუთვნილებაში არსებულ კომერციულ შენობებში არასდროს უმუშავიათ თაღლითურ კომპანიებს. ასევე, არასდროს ყოფილა რაიმე ტიპის გამოძიება იმ კომპანიების წინააღმდეგ, რომლთაც ამ შენობებში კომერციული ფართები აქვთ ნაქირავები.
მანიპულაციურია საგამოძიებო ფილმში თბილისის პიქსელის შენობის ჩვენება, რომელთან დაკავშირებითაც ჩნდება აღქმა, თითქოს ის იფარავდა ე.წ. ქოლ-ცენტრებს. მასალის ავტორთა მხრიდან ესეც აუდიტორიის შეცდომაში შეგნებულად შემყვანი ნაბიჯია: როგორც ცნობილია, საქართველოში ყოფნისას (ბოლოს 12 წლის წინ), სწორედ პიქსელის შენობაში ვქირაობდი ოფისის ფართს. გერმანელი გამომძიებლებისა და ფილმის ავტორთათვის ჩატარებული საჩვენებელი რეიდი კი, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, აქსის თაუერში ჩატარდა (რომელთანაც მე არასოდეს მქონია არც პირდაპირი და არც ირიბი კავშირი). გამოძიების ავტორებმა პიქსელის შენობის ჩვენებით გააძლიერეს აღქმა, რომ საკითხი სწორედ მე მიკავშირდება.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ „საქმის შესაკვერელად“ და ჟურნალისტური გამოძიების სასურველი მიმართულებით წარსამართად საქართველოს პროკურატურამ გამოძიების ავტორი მიიყვანა სწორედ იმ სპეციალურად შერჩეულ ქოლ-ცენტრზე რეიდის გადასაღებად, რომელიც ჩემს ყოფილ პარტნიორსა და მეგობართან ასოცირდებოდა. უცნაურია, რომ საერთაშორისო კვალიფიკაციის ჟურნალისტს ჩემი მისამართით ბრალდებისთვის არ დასჭირდა მეტი სიღმისა და დეტალის გარკვევა, არ გაუჩნდა შეკითხვები იმაზე, თუ როგორ შეიძლება ქვეყანაში იყოს ტრანსნაციონალური დანაშაულის ჰაბი მისი ხელისუფლების ჩართულობისა და მფარველობის გარეშე. სამაგიეროდ, მან შეისწავლა ჩემი სოციალური ქსელები და განაცხადა, რომ მყავს 45 ფეისბუკ მეგობარი, რომელიც დაკავშირებულია ე.წ. მილტონ ჯგუფის თაღლითურ სქემასთან. არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მასალის ავტორებმა არ წარმოადგინეს მტკიცებულება ამ 45 პირის შესახებ. რაც შეეხება ჩემს ფეისბუკ გვერდს, 2000-ზე მეტი მეგობრით - მათ დიდ ნაწილს პირადად არ ვიცნობ, იმათ ნაცვლად კი - ვისაც ვიცნობ, მიმეგობრია ან ვისთანაც საქმიანი კავშირი მქონია, პასუხს ვერაფერზე ვაგებ.
როგორც იცით, კრიტიკული მედია საქართველოში, მათ შორის „ფორმულა“, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი მეც ვარ, სისტემატურად აშუქებს ე.წ. ქოლ-ცენტრების სახელისუფლებო სქემას. ფაქტებისა და დასაბუთებული მასალების არსებობიდან გამომდინარე, ჩვენ შევთავაზეთ საგამოძიებო ჯგუფს, რომ ჩასულიყვნენ თბილისში და ჩაეტარებინათ გამჭირვალე საგამოძიებო მოქმედებები საქართველოში მოქმედი კრიტიკული მედიების ხელშეწყობით, თუმცა მათ ამ შეთავაზებაზე უარი გვითხრეს იმ მიზეზით, რომ ამ ეტაპზე ეს მათ ინტერესებში არ შედიოდა. აქვე აღვნიშნავ, რომ „ფორმულამ“ ჯგუფს გაუწია ყველანაირი დახმარება. მათ ტელევიზიას მიმართეს ეთერში გასული მასალებისთვის და ყველაფერი მიიღეს.
რადგანაც მე თვითონ ვარ მედიის მფლობელი, ვიცი, რომ ჟურნალისტი ვერ იქნება დაზღვეული შეცდომებისგან, თუმცა აღნიშნულ საგამოძიებო მასალაში ადგილი აქვს არაერთი ფაქტის განზრახ დამახინჯებას. რეპორტაჟში გამოთქმული ცრუ ბრალდებებისა და ვარაუდების დეტალურად განხილვა დაუსრულებლად შეიძლება, თუმცა აქ შევჩერდები და თავს უფლებას მივცემ ვთქვა, რომ ე.წ. ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებული ბრალდება არის საქართველოს ხელისუფლების მიერ ჩემს წინააღმდეგ 2012 წლის შემდეგ წარმოებული ცილისმწამებლური კამპანიის ნაწილი. მისი ნაწილი იყო ჩემი ექსტრადიციის მოთხოვნით დაწყებული რამდენიმე პროცესი, რაც საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის სასამართლოებმა მიიჩნიეს პოლიტიკურად მოტივირებულად და არ დააკმაყოფილეს. ანალოგიური დასკვნაა ამ მხრივ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის, ევროპული ინსიტიტუებისა და არერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო უფლებდამცავი ორგანიზაციის რეპორტებშიც. რაც შეეხება ჩემი სახელის ე.წ ქოლ-ცენტრების თაღლითურ სქემებთან მიბმას, პირველად ივანიშვილის ხელისუფლებამ ეს სცადა 2020 წლის დასაწყისში, ამავე წლის მარტში კი ისეთი მაღალი სანდოობის ორგანიზაციამ როგორიცაა OCCRP-მ (Organized Crime and Corruption Reporting Project) გამოძიების შედეგად განაცხადა, რომ „ვერ მიაკვლია ვერც ერთ მტკიცებულებას, რომელიც კეზერაშვილს დააკავშირებდა ქოლცენტრთან“.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, ყველაფერს ვიზამ იმისთვის, რომ სასამართლოს წესით დავამტკიცო საგამოძიებო ფილმში გამოთქმული ბრალდებების უსამართლობა. მაქვს ბრიტანეთის მართლმსაჯულების სისტემას სრული ნდობა და დარწმუნებული ვარ, ის გაიზიარებს ჩემი იურიდიული ჯგუფის არგუმენტებს, რომელიც უკვე ამზადებს ყველა საჭირო დოკუმენტს. საზოგადოებას ყველა ეტაპზე ეცნობება სამართლებრივი პროცედურების დეტალები. ასევე, კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ინტერესის არსებობის პირობებში, მზად ვარ ვითანამშრომლო ევროპის ნებისმიერ საგამოძიებო უწყებასთან და მივაწოდო ჩემ ხელთ არსებული ინფორმაცია იმ მაღალჩინოსნებზე, რომლებიც რეალურად არიან ჩართულნი საქართველოში ე.წ. ქოლ-ცენტრების ჰაბის მფარველობაში. აქვე, ჩემთვის განსაკუთრებით იმ ადამიანების პოზიციაა გასაკვირი, ვინც უკვე დიდი ხანია, ზუსტად იცის ამ თაღლითური სქემის მუშაობაზე, მასში მეზობლების, ნათესავების ან შვილების ჩართულობაზე. გასაოცარია, რომ ეს ხალხი ახლა მორალს კითხულობს და მე მამუნათებს.
ბოლოს, მინდა გაგიზიაროთ რამოდენიმე საკითხი სამომავლო გეგემებთან დაკავშირებით: ჩემს მიერ დაფუძნებული ტელეკომპანია „ფორმულა“ თავისუფალი მაუწყებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კუნძულია საქართველოში. ამ სივრცეში საკუთარი საქმის პროფესიონალებს სრული სარედაქციო თავისუფლება აქვთ. „ფორმულა“ ხელისუფლების მუდმივი დარტყმის ქვეშაა. დღეს მე ვაცნობიერებ, რომ იქ მომუშავე ხალხს ბრძოლაში სჭირდება არა მხოლოდ ჩემი დახმარება და რესურსები, არამედ მორალური სიმყარეც - ისინი დარწმუნებულნი უნდა იყვნენ, რომ ჩემ მიმართ გამოთქმული ბრალდებები ცილისმწამებლურია და დაშვებები - უსაფუძვლო. ანალოგიურად, ყველა ჩემს მეგობარს პოლიტიკასა და საზოგადოებრივ ასპარეზზე სჭირდება იგივე მორალური სიმყარე. ამისთვის მე, როგორც ზემოთაც აღვნიშნე, ყველაფრს გავაკეთებ.
აქვე, პასუხი კითხვაზე - ხომ არ შეიძლება, ჩემი სახით მომავალში ახალი ოლიგარქი მივიღოთ? საქართველოს ბოლო წლების გამოცდილებით ეს გასაგები საფრთხეა და მესმის, რომ შესაძლოა ბევრ ჩემთვის საპატივსაცემო ადამიანსაც ჰქონდეს ეს კითხვა.
მრავალი წელია მეც და ჩემს ოჯახსაც არაერთხელ გვიფიქრია, ხომ არ ჯობს, თავი დავანებოთ ბრძოლას და მშვიდი რეჟიმით ვიცხოვროთ, რამდენად ეს შესაძლებელია იძულებით ემიგრაციაში. ამ დღეებში ეს საკითხი კიდევ ერთხელ გახდა ჩვენთვის აქტუალური, მაგრამ როგორც კი მსგავს პერსპექტივას ვუშვებთ, მაშინვე ვგრძნობთ პასუხისმგებლობას. როგორ შეიძლება, ვდისტანცირდე ყველაფრისგან მაშინ, როდესაც შემიძლია თუნდაც ერთი აგური დავდო რუსული ოლიგარქიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამიტომ ვაცხადებ, რომ ჩემ ირგვლივ შექმნილი მძიმე გარემოს მიუხედავად, პროცესებიდან ჩემი გასვლა არ განიხილება. თუმცა ვიღებ გადაწყვეტილებას ჩემი დახმარების პარალელურად ტელეკომპანია „ფორმულას“ მივცე სრულიად ახალი და გამოცდილებით უნიკალური მედია-მოდელის შექმნის შესაძლებლობა, რომელიც კიდევ უფრო მაღლა აწევს მისი სარედაქციო დამოუკიდებლობის თამასას, მათ შორი ჩემგანაც (რისი დეფიციტიც არხს არც ამ დრომდე ჰქონია).
გადაწყვეტილება ასეთია: მე უარს ვამბობ „ფორმულას“ საკონტროლო პაკეტზე და არსებული წილის ნახევარს ახლავე გადავცემ ტელეკომპანიის კოლექტივს. მას შემდეგ კი, რაც დასრულდება ოლიგარქიული მმართველობა, „ფორმულას“ კოლექტივსვე სრულად გადავცემ ჩემს დარჩენილ წილსაც. ივანიშვილის ფაქტორის გაქრობისა და დასავლურ სივრცეში საბოლოოდ შესვლის შემდეგ, დარწმუნებული ვარ თავისუფალ მედიას ჩემი მონაწილეობის გარეშეც გაუჩნდება ბევრი სხვა საარსებო წყარო და აქ დაესმება წერტილი ჩემს აქტივობას მედიის მხარდაჭერის მიმართულებით და ზოგადად, ყველა ტიპის ჩართულობას ქართული პოლიტიკაში.
დიდი მადლობა „ფორმულას“, მის თითოეულ თანამშრომელს. ძალიან ვწუხვარ, რომ თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ასეთ უსამართლო ბრძოლაში მოგიწიათ ყოფნა. თქვენი სამოქალაქო პოზიცია და პროფესიული ღირსება ყოველთვის იყო და იქნება სამაგალითო ჩემთვის და რაც უფრო მნიშვნელოვანია, უამრავი ახალგაზრდა ჟურნალისტისათვის. მადლობა მინდა გადავუხადო იმ მაყურებელს, ვინც არაერთ რთულ ვითარებაში თქვენ გვერდით დადგა და დარჩა „ფორმულას“ ერთგულად. ეს არხი დღეს ჟურნალისტური პროფესიონალიზმის მაღალი სტანდარტებით ხელმძღვანელობს და ამ მხრივ, სრულიად გამორჩეულია ქართულ მედია ბაზარზე.
შეჯამებისთვის კი, კიდევ ერთხელ, ყველას გარწმუნებთ, ბრიტანული სამართლებრივი სისტემის პროცედურების სრული გავლით დავამტკიცებ საერთაშორისო მედიაში გასული ბრალდებების უსაფუძვლობას. ეჭვი არ მეპარება, რომ მორალურად წელგამართული განვაგრძობ თავისუფალი მედიის მხარდაჭერასაც და ყველა იმ ჯგუფის დახმარებასაც, რომელსაც სურვილი ექნება, თავი საბოლოოდ დავაღწიოთ რუსულ ჭაობს", - ნათქვამია განცხადებაში.