პოლონეთი, უნგრეთი და სლოვაკეთი უკრაინული ხორბლის იმპორტს აჩერებენ. აღნიშნული ქვეყნების მთავრობებში განმარტავენ, რომ ეს ნაბიჯი დაიცავს ადგილობრივ ფერმერებს ბაზარზე უკრაინული მარცვლეულის სიჭარბისგან.
ევროპული კომისია უკრაინიდან მარცვლეულის იმპორტის აკრძალვას აპროტესტებს და აცხადებს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან ვაჭრობის საკითხზე ცალმხრივი ქმედება მიუღებელია.
უკრაინიდან ხორბალს საქართველოც ყიდულობს, თუმცა საკმაოდ მცირე რაოდენობით. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2022 წელს საქართველომ უკრაინაში დაახლოებით 979 ათასი დოლარის ღირებულების 2 500 ტონა ხორბალი შეიძინა, რაც ხორბლის მთლიანი იმპორტის 2%-იც კი არ იყო. გასულ წელს ქვეყანაში დაახლოებით 65 მლნ დოლარის ღირებულების 184 ათასი ტონა ხორბალი შემოვიდა, მთავარი იმპორტიორი კი იყო რუსეთი, სადაც შარშან 62 მილიონი დოლარის ღირებულების 174 ათას ტონაზე მეტი ხორბალი ვიყიდეთ.
რაც შეეხება მიმდინარე წელს, 2023-ში დაახლოებით 10,5 მლნ დოლარის ღირებულების 33 ათასი ტონა ხორბალი შემოვიდა უკვე საქართველოში, აქედან უკრაინაში ვიყიდეთ სულ რაღაც 961 ტონა, რუსეთში კი 32 ათას ტონაზე მეტი, რაც 10 მილიონ დოლარზე მეტი დაგვიჯდა.