სუდანში ევროკავშირის ელჩს, აიდან ო'ჰარას დედაქალაქ ხარტუმში, საკუთარ სახლში დაესხნენ თავს. ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაიკლ მარტინმა თავდასხმის ფაქტი დაადასტურა და განაცხადა, რომ ირლანდიელი დიპლომატი სერიოზულად არ დაშავებულა.
სუდანში, არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ შორის დაპირისპირება გრძელდება. გავრცლებული ინფორმაციით, შეტაკებების შედეგად 185-მდე ადამიანი დაიღუპა, დაშავებულთა რაოდენობა კი 1800-ს აჭარბებს.
დაპირისპირება ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობაში ძალაუფლებისთვის ბრძოლის ნაწილია, რომელიც ძალადობაში გადაიზარდა. არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ შორის ვერ ხერხდება შეთანხმება იმაზე, თუ როგორ უნდა გადავიდეს ქვეყანა სამოქალაქო მმართველობაზე.