გერმანიაში სატვირთო მანქანების ათობით მძღოლი, რომელთა ნაწილი საქართველოს მოქალაქეა, გაფიცვას აგრძელებს. პოლონური სატრანსპორტო კომპანიის კუთვნილი 63 სატვირთო მანქანა ჰესენში, ერთ-ერთი ავტომაგისტრალის სადგომზეა გაჩერებული. მძღოლები თითქმის ერთი თვეა გაფიცულები არიან და ხელფასების მიღებამდე მარშრუტის გაგრძელებაზე უარს აცხადებენ. მათი თქმით, კომპანიას ორი თვის სახელფასო ანაზღაურება აქვს გადასახდელი. მძღოლებთან სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელი თანმხლებ პირებთან ერთად მივიდა, რა დროსაც ვითარება დაიძაბა. პოლიციაში აცხადებენ, რომ მათ გაფიცული მძღოლებისთვის სატვირთო მანქანების ძალის გამოყენებით წართმევა სცადეს. დაპირისპირება სამართალდამცველებმა აღკვეთეს და 20 ადამიანი, მათ შორის სატრანსპორტო კომპანიის უფროსი დროებით დააკავეს.